ირაკლი ქადაგიშვილი: წარდგენილ მოსამართლეებს გასავლელი აქვთ საპარლამენტო ფილტრი, მერწმუნეთ, პარლამენტი მხარს დაუჭერს იმ მოსამართლის კანდიდატურას ვინც ღირსი იქნება

„წარდგენილ მოსამართლეებს გასავლელი აქვთ საპარლამენტო ფილტრი, მერწმუნეთ, პარლამენტი მხარს დაუჭერს იმ მოსამართლის კანდიდატურას ვინც ამის ღირსი იქნება“ – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისი თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტში ჩაწერილი ყველა პუნქტი და ფაქტობრივად ყველა რეკომენდაცია შესრულებულია.

„ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად პუნქტობრივად, საგნობრივად და ჩვენი კონსტიტუციითა და კანონმდებლობით გამომდინარე, ყველა საკითხს ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ. ჩვენ, რაც შარლ მიშელის დოკუმენტში იყო ასახული და ქალბატონ ელჩთანაც იყო ამასთან დაკავშრებით მანამდეც და შემდგომაც შესაბამისი კომუნიკაცია, პუნქტობრივად იქნა მიწოდებული ჩვენეული ხედვა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტში ასახული და მათ შორის ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, რომელიც ჩვენ გვაქვს მიღებული, ფაქტობრივად ყველა ეს რეკომენდაცია და დოკუმენტში ჩაწერილი ყველა პუნქტი შესრულებული გვაქვს.

მათ შორის წარდგენის წესი, უმაღლესი სასამართლოს ფორმირების წესი და დამატებითი დრო, რომ ახალი წესებიდან გამომდინარე ყველა მსურველს მისცემოდა საშუალება, დამატებით წარმოედგინათ თავიანთი თავი. გამომდინარე აქედან, ბუკვალურად გავყევით ამ დოკუმენტის სულისკვეთებას და ჩვენი ქვეყნის კანონებს. სწორედ ამ პროცესით მოხდა დღეს მოსამართლეთა წარდგენა და კიდევ, წარდგენილ მოსამართლეებს აქვთ გასავლელი საპარლამენტო ფილტრი, მერწმუნეთ რომ პარლამენტი დაუჭერს იმ მოსამართლის კანდიდატურას მხარს, ვინც ამის ღირსი იქნება. პარლამენტში იქნება ამაზე მსჯელობა, დებატები, თითოეულ პარლამენტარს ექნება შესაძლებლობა კითხვები დავუსვათ კანდიდატებს და ამის შემდეგ მიიღოს ყველამ ინდივიდუალურად გადაწყვეტილება.

ამ შემთხვევაში, გარდა ფრაქციული დისციპლინისა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თითოეული პარლამენტარის პასუხისმგებლობაც. ჩვენი პარტნიორების ყველა შენიშვნას, გაფრთხილებას, გამოთქმულ წინადადებას ძალიან ყურადღებით ვუსმენთ და ამის გათვალისწინებით, ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობიდან და იმ ინტერესიდან გამომდინარე, რომ მოსახლეობას უნდა, იხილოს სწრაფი და სამართლიანი სამართლის აღსრულება, ამ პროცესს, გეგმაზომიერად ვახორციელებთ და მივდევთ“ – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომენტარები
იტვირთება...