ირაკლი ქადაგიშვილი: მელიას კანონდარღვევით სურდა შარავანდედის მოხვეჭა, საპატიმროში აღმოჩნდა და ახლა იძულებულია, დათანხმდეს გირაოს

“ნიკა მელიას კანონდარღვევით სურდა შარავანდედის მოხვეჭა, რეალურად კი საპატიმროში აღმოჩნდა და ახლა იძულებულია დათანხმდეს გირაოს”.

ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა და განმარტა, რომ ნიკა მელიას დაგეგმილი პროვოკაცია არ გამოუვიდა.

„მისი ყველა განცხადება ემსახურებოდა იმას, რომ გამოჩენილიყო თავისუფლებისთვის და უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლ გმირად. სინამდვილეში ის ტრანსფორმირდა ადამიანად, რომელმაც დაარღვია კანონი და კანონდარღვევით სურდა შარავანდედის მოხვეჭა, რეალურად კი აღმოჩნდა საპატიმროში და ახლა იძულებულია დათანხმდეს გირაოს, რადგან იცის, რომ აბსოლუტურად წამგებიანი, უპერსპექტივო, ძალიან დიდი ზიანის მომტანი აღმოჩნდა ოპოზიციისთვის მისი პატიმრობაში ყოფნა, ეს არის იმ პოლიტიკის შედეგი, რასაც ჰქვია უპრინციპობა, სახელმწიფოს და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ წასვლა და პოლიტიკური ბრძოლის მარგინალიზაცია”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, უქმე დღეების დასრულების შემდეგ, ამნისტიის ორ კანონპროექტზე საკომიტეტო განხილვები დაიწყება. ამ დრომდე, მმართველი პარტია და ოპოზიცია საერთო ფორმულირებაზე ვერ თანხმდებიან. ამნისტიის შესახებ კანონპროექტი ჯერ მმართველმა გუნდმა დაარეგისტრირა, შემდეგ კი, ოპოზიციამ ალტერნატიული პროექტი წარადგინა. შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, ამნისტია, 19-21 ივნისის მოვლენებზე, ყველა დარღვევასა და ყველა დაკავებას უნდა შეეხოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...