ირაკლი ფირცხალავას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

პატიმრობაში მყოფი პირის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პოლიტიკური სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად, სპეციალური პენიტენციური სამსახური წინამდებარე განცხადებას ავრცელებს. – ამის შესახებ უწყების გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

“მსჯავრდებულ ირაკლი ფირცხალავას 2016 წელს დაესვა დიაგნოზი, ნაღველკენჭოვანი დაავადება ქრონიკული ქოლეცესტიტი, არტერიული ჰიპერტენზია და მთელი შემდგომი პერიოდის განმავლობაში შესაბამისი მკურნალობა უტარდებოდა. კერძოდ, მსჯავრდებული ღებულობდა სპაზმოლიტიკებს, ფერმენტულ პრეპარატებს, ტკივილგამაყუჩებლებსა და წნევის საწინააღმდეგო საშუალებებს. მიმდინარე წლის 29 აგვისტოს მსჯავრდებულს სპეციალისტის კონსულტაცია და ექოსკოპიური გამოკვლევა ჩაუტარდა. ექოსკოპიური გამოკვლევისას ნაღვლის ბუშტში მრავლობითი კონკრემენტები (მაქსიმალური ზომა 10მმ, მინიმალური – 6 მმ) დაუდგინდა. დაისვა დიაგნოზინაღველკენჭოვანი დაავადება ქრონიკული ქოლეცესტიტი, ეროზიული გასტროდუოდენიტი. 25 სექტემბერსა და 13 ნოემბერს ირაკლი ფირცხალავას განმეორებითი ექოსკოპიური გამოკვლევა ჩაუტარდა, რის შედეგადაც იგივე სურათი გამოიკვეთა.

მსჯავრდებული უჩივის საერთო სისუსტეს, გულისრევის შეგრძნებას, უმადობას, ტკივილს ნაღვლის ბუშტის არეში, აღენიშნება წონაში კლება. ქირურგის რეკომენდაციით დაინიშნა ოპერაცია, რისთვისაც პენიტენციური სამსახურის მედპერსონალმა მსჯავრდებულის სამოქალაქო სექტორის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა მიიჩნია საჭიროდ. შესაბამისად, თავად მსჯავრდებულის თანხმობით მოხდა მისი გადაყვანა სამოქალაქო სექტორის სამედიცინო დაწესებულებაში ნაღვლის ბუშტზე ოპერაციის ჩასატარებლად”, – ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად