ირაკლი ფირცხალავა ჩვენების მიცემაზე უარის თქმის გამო სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს

საქართველოს პროკურატურამ, ჩვენების მიცემაზე უარის თქმისთვის, ირაკლი ფირცხალავა ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა საქართველოს სსკ-ის 371-ე მუხლით.

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2017 წლის 25 ივნისს, საქართველოს პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მოწმეზე განხორციელებული შესაძლო ზემოქმედების ფაქტზე.

გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ჟურნალისტ ი.მ.-ს განცხადება, რომლის თანახმადაც მასზე, როგორც ბრალდების მხარის მოწმეზე, მსჯავრდებული ი.ფ.-ს მხრიდან ხორციელდებოდა მიზანმიმართული ფსიქოლოგიური ზემოქმედება, ასევე მისი დისკრედიტაცია და პატივისა და ღირსების შელახვა, რაც მიზნად ისახავდა გ.მ.-ს ბრალდების საქმეზე სასამართლოში მის მიერ მიცემული ჩვენების შეცვლას. ხსენებულ საქმეზე 2017 წლის 06 ივლისს, სასჯელაღსრულების მე-9 პენიტენციურ დაწესებულებაში დაიგეგმა ი.ფ.-ს მოწმის სახით გამოკითხვა, რა დროსაც მან უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.

აქედან გამომდინარე, ბრალდების მხარემ იშუამდგომლა თბილისის საქალაქო სასამართლოს წინაშე ი.ფ.-ს მოსამართლის წინაშე დაკითხვის თაობაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2017 წლის 06 ივლისს, გაიცა განჩინება მოწმე ი.ფ.-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის წინაშე დაკითხვის შესახებ. ი.ფ.-მ ამჯერადაც უარი განაცხადა სასამართლოში დაკითხვის პროცესში მონაწილეობის მიღებაზე, რის საფუძველზეც მოსამართლის მხრიდან მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოწმის ადგილსამყოფელის მიხედვით, კერძოდ N9-ე პენიტენციურ დაწესებულებაში დაკითხვის შესახებ.

2017 წლის 07 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, სასამართლო შემადგენლობით გამოცხადდა N9-ე პენიტენციურ დაწესებულებაში, რათა მოეხდინა მოწმე ი.ფ.-ს დაკითხვა, თუმცა მან კვლავ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.

2017 წლის 26 ივლისს, ბრალდების მხარემ კვლავ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ი.ფ.-ს მოწმის სახით სასამართლოს წინაშე დაკითხვის თაობაზე. შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა და 2017 წლის 26 ივლისს, მოსამართლის მიერ გაცემულ იქნა განჩინება მოწმე ი.ფ.-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის წინაშე დაკითხვის თაობაზე. ი.ფ.-მ მორიგ ჯერზეც უარი განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხვის პროცესში მონაწილეობის მიღებაზე და 2017 წლის 27 ივლისს, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე მოსამართლის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოწმე ი.ფ.-ს N9-ე პენიტენციურ დაწესებულებაში დაკითხვის შესახებ.

გადაწყვეტილების გამოტანიდან იმავე დღეს, სასამართლო შემადგენლობა გამოცხადდა N9-ე პენიტენციურ დაწესებულებაში, რათა მომხდარიყო მოწმე ი.ფ.-ს დაკითხვა. მიუხედავად იმისა, რომ მოწმეს მოსამართლის მხრიდან არაერთხელ განემარტა ჩვენების მიცემაზე უარის თქმისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ, ი.ფ.-მ კვლავ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პროკურატურის გადაწყვეტილებით, მსჯავრდებულ ი.ფ.-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 371-ე მუხლით (მოწმის ან დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა). წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხ წლამდე ვადით", – ნათქვამია მთავარი პროკურატურის გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად