ირაკლი ოქრუაშვილი: თავდაცვაში მთავარი მოტივაციაა, რომ საქმე ჩააწყონ და ავღანეთში წავიდნენ, რათა კრედიტების გადახდა შეძლონ

თავდაცვის სისტემაში მთავარი მოტივაციაა, რომ საქმე ჩააწყონ და ავღანეთში წავიდნენ, რათა კრედიტების გადახდა შეძლონ, – ამის შესახებ “აიპრესთან” ინტერვიუში “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ:

მისი თქმით, თავდაცვის მინისტრი ჯარის პრობლემების მოგვარების ნაცვლად კარიკატურული განცხადებებითაა დაკავებული.

_ თავდაცვის სისტემაში რა რეფორმებია გასატარებელი?

_ თავდაცვაში კატასტროფა ხდება. პირველ რიგში ეს ნიშნავს იმას, რომ მოტივაცია და სულისკვეთება ნულის დონეზეა დაყვანილი. ადამიანების მთავარი მოტივაცია და საზრუნავი არის ის, როგორ ჩააწყონ საქმე, რომ წავიდნენ ავღანეთში და მეტი შემოსავალი მიიღონ, რათა შეძლონ კრედიტების და სესხების გადახდა, რაზეც დამოკიდებული გახდა თითქმის მთელი პირადი შემადგენლობა, ისევე როგორც ჩვენი დანარჩენი საზოგადოების უმეტესობა.

ჩვენ ვხედავთ თავდაცვის მინისტრის მხრიდან გაკეთებულ კარიკატურულ გამონათქვამებს, მაშინ როდესაც ის ჯარის პრობლემებით უნდა იყოს დაკავებული. მაგრამ, როდესაც ჯარის პრობლემებზე საუბრობს, მეათე ხარისხოვან საკითხებზე საუბრობს. იმაზე, თუ როგორ შემოიტანეს ახალი, მაღალი ხარისხის ფეხსაცმელი. ეს ყველაფერი არის მე-18 საუკუნის პრობლემები, ჩვენ შემთხვევაში უკვე მეოცე საუკუნის. ჯარს სჭირდება 21-ე საუკუნის პრობლემებთან გამკლავება. მით უმეტეს იმ ვითარებაში, როდესაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს ჩვენ მეზობლებს შორის და კაცმა არ იცის რამდენად შეგვწევს უნარი, რომ რაიმე სახის პროვოცირების დროს თავი გავართვათ დამოუკიდებლად ჩვენ სამეზობლოში ატეხილ დავიდარაბას.

_ იქიდან გამომდინარე, რომ თავდაცვის სფერო თქვენთვის ძალიან ახლობელი სფეროა და ნათქვამი გაქვთ, რომ თავს ხედავთ პარლამენტში, ხომ არ უნდა ველოდოთ, რომ ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში თქვენ გახდებით თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე და იქიდან უზრუნველყოფთ რეფორმებსა და აღმასრულებებლი ხელისუფლების საპარლამენტო კონტროლს?

_ მე მგონი ჯერ კითხვა ასე უნდა დაისვას, გავხდები თუ არა პარლამენტის წევრი. წინასწარ ამაზე საუბარი, რაც არავინ არ იცის, შეუძლებელია.

_ ისე მზად ხართ ამისთვის?

_ ჯერ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ პარლამენტის წევრები გავხდეთ.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად