ირაკლი ოქრუაშვილი: სასამართლოს მორჩილების ცდუნებას რომელიმე ხელისუფლებამ უნდა გაუძლოს!

“გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი “აიპრესთან” ინტერვიუში სასამართლო რეფორმის აუციებლობაზე და იმ ცვლილებებზე საუბრობს, რაც სასამართლოშიც უნდა გატარდეს.

ოქრუაშვილმა, რომელმაც სასამართლოში არსებული პრობლემები საკუთარ თავზე გამოსცადა ამ ხელისუფლების დროსაც და წინა ხელისუფლების დროსაც აცხადებს, რომ ანულირება უნდა მოხდეს უვადოდ დანიშნულ მოსამართლეების. ამასთან იმ პერიოდზეც საუბრობს, როდესაც სისტემა შეიქმნა და მაშინ ის თავადაც იყო ხელისუფლებაში.

ირაკლი ოქრუაშვილთან ინტერვიუს სრულ ვერსიას მკითხველს მოგვიანებით შევტავაზებთ, იქამდე კი გთავაზობთ ინტერვიუს ამ ნაწილს:

_ სასამართლოს ხარვეზები საკუთარ თავზე გამოსცადეთ ამ ხელისუფლების დროსაც და წინა ხელისუფლების დროსაც. რა გეგმა გაქვთ თავისუფალი სასამართლოს შესაქმნელად?

_ პირველი სასამართლო უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური ჩარევებისგან. ეს შეეხება როგორც სისხლის სამართლის საქმეებს, ისე სამოქალაქო საქმეებს. განსაკუთრებით ისეთ დროს, როდესაც საქმე ეხება გახმაურებულ საქმეებს და აშკარად პოლიტიკურად არის მოტივირებული.

თუ ჩვენ შევქმნით ისეთ სისტემას, რომელიც კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება პროკურატურის მიმართ, პროკურორები უნდა შევარჩიოთ არა პროკურატურიდან, არამედ საზოგადოებისთვის ავტორიტეტული იურისტების მხრიდან, რომლებიც იქნებიან ბრალმდებლები და სახელმწიფოს ფუნქციის გამომხატველები და მეორე ასეთ საქმეებს სავალდებულო წესით განიხილავენ ნაფიცი მსაჯულები. ჩვენ ასეთ შემთხვევაში თავიდან ავირიდებთ ერთი კონკრეტული მოსამართლის მიმართ ზემოდან განხორციელებული ზარის მეშვეობით მიღებულ გადაწყვეტილებას. სასამართლოს დაუბრუნდება თავისი ავტორიტეტი და ბიზნესსაც წაადგება ეს. ამით ის თავიდან აირიდებს იმას, რომ გარეთ დაიწყო საარბიტრაჟო დავების წარმოება, როგორც სახელმწიფოსთან ისე ერთმანეთში.

_ სასამართლო კლანს რას უშვრებით?

_ სასამართლოში საჭიროა ფუნდამენტური ცვლილებები. დაწყებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან დამთავრებული სასამართლოს კადრებით. ერთმნიშვნელოვნად ვეთანხმები იმას, რომ უვადოდ დანიშნული მოსამართლეების წესი უნდა გაუქმდეს. ეჭვქვეშ ვერ დადგება და ალბათ შენარჩუნებული უნდა იყოს მათ მიერ გამოტანილი განაჩენები, მაგრამ უვადო დანიშვნა იქნება ანულირებული. შესაბამისად არანაირი უვადოდ დანიშნული მოსამართლეები აღარ იქნებიან. ის მოსამართლეები, რომელთა მიმართებითაც კითხვები არსებობდა პოლიტიკურ მართლმსაჯულებასთან თუ კორუფციასთან დაკავშირებით გამოწვეულები უნდა იყვნენ.

_ მათი პასუხისმგებლობის საკითხიც ხომ არ დადგება, ხომ არ მოხდება ამ საქმეების გამოძიება პრევენციისთვის, რომ ხელი არ წაუცდეს სხვებსაც?

_ ეს არ არის საპარლამენტო პრეროგატივა. ეს უკვე სხვა სფეროა და ამაზე ვერ ვისაუბრებ. საპარლამენტო არჩევნების დროს დაპირებების თუ პარლამენტში მოქმედებებით შეუძლებელია ამ ტიპის ცვლილება.

_ როდესაც სასამართლოზე ვსაუბრობთ კითხვა ჩნდება იმაზეც, რომ როდესაც ასეთი სისტემა იქმნებოდა ის შექმენით თქვენმა ხელისუფლებამ და მერე გადაიბარა ივანიშვილმა. როცა სისტემა იქმნებოდა მაშინ თქვენც იყავით იმ ხელისუფლების ნაწილი და არ დაგისვამთ კითხვები, არ გაგჩენიათ პროტესტი, რომ ეს ქვეყნისთვის დამღუპველი იქნებოდა?

_ ყველა ხელისუფლება დგას ცდუნების წინაშე. გუშინდელიც იდგა, დღევანდელიც დგა და ხვალინდელიც იდგება იმ ცდუნების წინაშე, რომ სასამართლო მოაქციოს თავისი პოლიტიკური გავლენის ქვეშ იმისთვის, რომ ნაკლები პრობლემები ჰქონდეს თავისი მმართველობის პერიოდში. მაგრამ, ხელისუფლებები ვერ აცნობიერებენ ერთ რამეს, რაც უფრო მეტად იმორჩილებენ სასამართლოს, მით უფრო ღრმავდება პრობლემები მათ წინაშე. ასე, რომ ამ ცდუნებას ერთხელ და სამუდამოდ რომელიმე ხელისუფლებამ უნდა გაუძლოს.

მე მიმაჩნია, რომ ჩვენ სუყველამ საკმარისი ვნახეთ, საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი და უშუალოდ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდშიც. ეს კი საკმარისი უნდა იყოს იმისათვის, რომ მსგავსი რამე აღარ გავაკეთოთ.

მეორე, ყველა ღირებული, ყველა ფასეული და ყველა კარგად და დიდი ხნის განმავლობაში აშენებული ფუნდამენტური დემოკრატიები ეფუძნებიან ზუსტად დამოუკიდებელ სასამართლოს. მაგალითად, ამას წინათ საფრანგეთის ყოფილი პრემიერი ფრანსუა ფიიონი გასამართლებული იყო და ის გამონაკლისი არ ყოფილა. ნიკოლა სარკოზისაც წაუყენეს ბრალი და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. მაგრამ ამით იმ ქვეყნის ტრაგედია კი არ ხდება. იმიტომ, რომ სასამართლო დამოუკიდებელია და ადამიანი ან დაამტკიცებს თავის უდანაშაულობას, ან პირიქით, დამნაშავედ გამოცხადდება. ასეთ სასამართლოს უნდა მივაღწიოთ ჩვენ.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად