ირაკლი ოქრუაშვილი: “რუსთავი 2”-ის დასაბრუნებლად პროცესს გავაგრძელებ და თუ დავიბრუნე, გავაჩუქებ 

“გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი “რუსთავი 2”-ის დასაბრუნებლად იბრძოლებს, – ამის შესახებ მან “ფორმულას” ეთერში, გადაცემაში “პოლიტიკის ფორმულა” განაცხადა.

მისი თქმით, ქიბარ ხალვაში ნომინალური ფიგურა იყო. ოქრუაშვილი ამბობს, რომ ამ პროცესის გახსნა მოხდება ხელისუფლების ცვლილების შემდეგ.

“ივანიშვილს მოსწონს სრულფასოვნად მორჩილი ადამიანები მის ირგვლივ, ვერ ეგუება დამოუკიდებელი აზრის ადამიანებს. მე მორჩილებას არასდროს ვყოფილვარ მიჩვეული. მას რომ ეთქვა, რუსთავი 2-ის თემა უნდა გააჩუმო და მომცე – რატომ? იყო თხოვნებიც, შოთაძე იყო მისი ვოიაჟერი, მაგრამ მე არ დავუთმე. „რუსთავი 2-ზე“ მე პროცესს გავაგრძელებ. ქიბარ ხალვაში იყო ნომინალური პიროვნება ჩემს უკან. მე ნამდვილად ვიყიდე კომპანია. ერთადერთი, რაც შეიძლება პრეტენზია წამომიყენონ, რომ ვიყიდე გუნდის სახელით, მაგრამ ნამდვილად ვიყიდე.

პროცესი ჩემგან დამოუკიდებლად მიჰყავდათ ადვოკატებს, მაგრამ არ აჩქარებდნენ, იმის გამო რომ მე ციხეში ვიყავი და რაც ხდება ზოგადად სასამართლოში. ამ პროცესის გახსნა მოხდება ხელისუფლების ცვლილების შემდეგ. თუ ოდესმე მოხდა და „რუსთავი 2“ პირადად მე დავიბრუნე, მე მას გავაჩუქებ და მოვიხსნი ამ ტვირთს. ადრე იყო პერსპექტივა, რომ კოლექტივისთვის მეჩუქებინა და ხვალაც გამოჩნდება ვინმე”, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად