ირაკლი ოქრუაშვილი: კობა კოშაძის დაკავება დაკავშირებულია “რუსთავი 2” -თან  

პარტია “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი ფიქრობს, რომ მისი უახლოესი მეგობრის, კობა კოშაძის დაჭერით, ხელისუფლებამ მასზე ზეგავლენის მოხდენა სცადა და ამის მიზეზი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ია.

​ამის შესახებ ირაკლი ოქრუაშვილმა “შაბათის კურიერისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

“ივანიშვილმა გარკვეული სახის გზავნილი უკვე გამომიგზავნა და უკვე გადაკვეთა წითელი ხაზი, ჩემი უახლოესი მეგობრის კობა კოშაძის დაკავებით, როდესაც მას იარაღი ჩაუდეს. ბუნებრივია, სხვა ახსნა და მოტივი ამას არა აქვს. ეს არის აკრძალული, ჩემს მიმართ არაერთხელ გამოყენებული მეთოდია და ამ მეთოდს არასდროს უმოქმედია ჩემზე, რომ რაიმე ზეგავლენა მოეხდინათ”-განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

შეკითხვაზე, რის გამო უნდა ხელისუფლებას ზეგავლენის მოხდენა, რომ მისი პოლიტიკური აქტივობა გაანეიტრალონ  თუ  არის “რუსთავი 2”-ის თემა, ირაკლი ოქრუაშვილმა განმარტა, რომ ეს დაკავშირებულია “რუსთავი 2”-თან.

“20 ივნისის ღამესთან დაკავშირებით ჩემზე ხელისუფლებამ და ივანიშვილმა ვერაფერი ვერ მონახა. არც კადრებით, არც პირდაპირი, ან არაპირდაპირი მტკიცებულებებით. ბუნებრივია, ისმის კითხვა, ვიყავი თუ არა გარკვეული საფრთხის მატარებელი როგორც ჩვეულებრივი, ერთი ადამიანი ხელისუფლების წინააღმდეგ. არა მგონია, რომ ასე იყოს. კობა კოშაძის დაკავება უფრო მგონია, რომ დაკავშირებულია “რუსთავი 2”-თან, რომ თუ მე ამ ნაბიჯებს ვერ გადავდგამდი, რა ნაბიჯებიც გადავდგი, ამდაგვარი ტიპის მეთოდებით დაიწყებოდა ჩემს წინააღმდეგ კამპანია იმისთვის, რომ კუთხეში მივემწყვდიე, მაგრამ ასეთი მეთოდები ჩემზე არ ჭრის. ეს ივანიშვილმა თუ არ იცის, შეუძლია კარგად გაიგოს”-განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

ცნობისათვის:  ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ 2004 წელს ტელეკომპანიის 100%-იანი წილი სინამდვილეში მან შეიძინა და ქიბარ ხალვაშზე, როგორც მის წარმომადგენელზე გააფორმა, ამის დასადასტურებლად კი, ხელშეკრულება მოჰყავს, რომელიც მასსა და ხალვაშს შორის გაფორმდა.

ირაკლი ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშის მიერ დარეგისტრირებული წილის დაყადაღების მოთხოვნაზე სარჩელი შეიტანა. ირაკლი ოქრუაშვილის მიერ ნახსენებ დოკუმენტს დოკუმენტს ქიბარ ხალვაშის ადვოკატი, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია ყალბს უწოდებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...