ირაკლი ოქრუაშვილი: ივანიშვილმა ერთხელ შეცდომა დაუშვა, შეუძლია ხელახლა დაგვიჭიროს, რა ფასსაც გადაიხდის, ამასაც ვნახავთ

“ივანიშვილმა ერთხელ შეცდომა დაუშვა, მარტო ჩემი დაჭერის გამო არა, დაიჭირა ძალაინ ბევრი ადამიანი. გამეორება ცოდნის დედააო, შეუძლია ხელახლა დაგვიჭიროს, რა ფასსაც გადაიხდის, ამასაც ვნახავთ”.

ამის შესახებ პარტია “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა ტვ “პირველის” “დღის ამბებში” სტუმრობისას დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, შეაბრუნებენ თუ არა მას ციხეში.

ცნობილი გახდა, რომ 22 ივლისს ჩაინიშნა ბუტა რობაქიძის საქმეზე სასამართლო პროცესი, სადაც ბრალდებული ყოფილი თავდაცვის და შს მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილია.

“ძალიან კარგად მესმის, რომ 8 მარტის შეთანხმება რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გაფორმდა, იყო ერთგვარი ზეწოლის შედეგი. ხელისუფლება, ამ შემთხვევაში, ივანიშვილი იძულებული გახდა, რომ ეს შეთანხმება გაეფორმებინა. ამ შეთანხმების სულისკვეთება გულისხმობდა იმას, რომ პოლიტიკური კონტექსტი საერთოდ უნდა მოშორებულიყო იმ სისხლის სამართლის საქმეებიდან, რომელიც იყო აღძრული არა მხოლოდ ჩემს, არამედ რამდენიმე ოპოზიციური ლიდერის წინააღმდეგ, მაგრამ როგორც ჩანს, ხელისუფლებამ დასკვნა ვერ გამოიტანა. გარკვეული შეცდომების დაშვების შედეგად ვერ გაანალიზა და ვერ მიხვდა იმას, რა ტიპის ფასის გადახდა მოუწევს, ხელეხლა იგივე შეცდომებს თუ ჩაიდენს. ივანიშვილმა ერთხელ შეცდომა დაუშვა, მარტო ჩემი დაჭერის გამო არა, დაიჭირა ძალაინ ბევრი ადამიანი. გამეორება ცოდნის დედააო, შეუძლია ხელახლა დაგვიჭიროს, რა ფასსაც გადაიხდის, ამასაც ვნახავთ”-განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

ირაკლი ოქრუაშვილსი თქმით, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ყველამ აღიარა, რომ მის საქმესთან მიმართებაში პოლიტიკური კონტექსტი არის ერთმნიშვნელოვნად გამოკვეთილი.

“მე არ ვარ ობიექტური არბიტრი. ამ შემთხვევაში, მხარე ვარ. უნდა ვამტკიცო ჩემი უდანაშაულობა და ამის ვალდებულებაც გამაჩნია. გაცილებით ობიექტურმა ადამიანმა უნდა ამტკიცოს რა ხდება ამ საქმესთან მიმართებაში. ამ საქმეზე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან უკვე ითქვა, რომ აქ პოლიტიკური კონტექსტი არის გამოკვეთილი. 15 წლიანი ხანდაზმულობის ვადა გასული იყო. ოქმები გადააკეთეს, კამერაზე არის დაფიქსირებული, რომ ოქმში ტექსტი არის ერთი და სასამართლოში წარდგენილი ოქმი ასახვს მეორე ტექსტს. მტკიცებულებები გაყალბებულია. მოწმეები, რომლებიც ჩემს წინააღმდეგ გამოიყენეს, არცერთი ჩემს ბრალეულობას არ ადასტურებს და ისინი გაათავისუფლეს საპროცესო გარიგებით იმის გამო, რომ ჩემს წინააღმდეგ ვითომ მიეცათ ჩვენება. სინამდვილეში, არც აქვთ ჩემს წინააღმდეგ მიცემული ჩვენება. სწრაფად აპირებენ ამ საქმის განხილვას და დასრულებას, ალბათ, არჩევნებამდე. არ ვიცი, მათ თავში რა იხარშება, მაგრამ არჩევნებამდე რომ ეს საქმე ფორსირებულად მიმდინარეობს, ეს ნიშნავს, რომ რაღაც პოლიტიკური ინტერესები გააჩნიათ”- განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

შეგახსენებთ: პატიმრობაში მყოფი ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოს პრეზიდენტმა 20 მაისს შეიწყალა.

ირაკლი ოქრუაშვილს, ის 2020 წლის 14 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე დამნაშავედ ცნო და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის ნაწილში გამართლდა, თუმცა, ის ჯგუფური ძალადობის მონაწილეობაში დამნაშავედ ცნეს.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად