ირაკლი ოქრუაშვილი: ის დახმარებებიც კი, რაც ხელისუფლებამ გამოაცხადა, ნახევარს არ მიუღია

ის დახმარებებიც კი, რაც ხელისუფლებამ გამოაცხადა, ნახევარს არ მიუღია, – ამის შესახებ “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “საჯარო პოლიტიკა” განაცხადა.

“ხელისუფლება ცდილობს, მაგრამ მეეჭვება, რომ სასურველი შედეგი მიიღოს სათავისოდ. იმიტომ, რომ აშკარაა, რომ სიტუაცია კონტროლს აღარ ექვემდებარება. ჩვენ შევედით ძალიან მძიმე ეკონომიკურ კრიზისში. ეს გამოწვეულია ხელისფლების უუნარობით და ხელისუფლების არაპროფესიონალიზმის შედეგად. ჩვენ გვქონდა დაახლოებით 6 თვე, რომ მოვმზადებულიყავით საშემოდგომო ხელახალი შემოტევისთვის. მთელი მსოფლიო ამ პროცესში იყო ჩართული ზაფხულში. ამის ნაცვლად ხელისუფლების ისეთივე უუნარობა მივიღეთ, როგორიც აქამდე ახასიათებდა მას.

მეეჭვება, რომ ყველაფერი კარგად იყოს. თუ გავალთ ქუჩაში და დაველაპარაკებით ჩვენს მოქალაქეებს მათი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. ნახევარს არ მიუღია თუნდაც ის დახმარებები რაც ხელისუფლებამ გამოაცხადა. გარდა ამისა, ეს ყველაფერი საგარეო ვალის სახით იყო აღებული და ჩვენ ხვალ-ზეგ უნდა დავუბრუნოთ პარტნიორებს. მსოფლიო ბანკის პროგნოზით ეკონომიკური ვარდნა მინუს 5% გვექნება ეს რიცხვი დაახლოებით 700-800 მილიონი დოლარია ჩვენი ბიუჯეტისთვის, რომელიც 16 მილიარდ დოლარს შეადგენს. ეს კატასტროფული რიცხვია. მსოფლიო ბანკი გამოირჩევა ფრთხილი შეფასებებით და შესაძლოა მინუს 7-8-იც კი იყოს. ამას წინათ ეკონომიკის მინისტრმა თქვა, რომ იმის მიუხედავად, რომ ტურიზმი შეიძლება არ აღდგეს, მომავალ წელს 5%-იანი ზრდა გვექნებაო. არ ვიცი რა ფანტაზიით მოაქვთ ეს რიცხვები. კატასტროფული წელი გველოდება მომავალ წელს”, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად