ირაკლი ოქრუაშვილი: დღეს ბიზნესზე ნაკლები წნეხია, მაგრამ უფრო მეტად შემაშინებელია… კოვიდის ფონზე რეპრესიები გააქტიურდა

დღეს ბიზნესზე ნაკლები წნეხია, მაგრამ უფრო მეტად შემაშინებელია… კოვიდის ფონზე რეპრესიები გააქტიურდა, – ამის შესახებ “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა “აიპრესთან” ინტერვიუში განაცხადა, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს დღეს საღამოს შევთავაზებთ:

ირაკლი ოქრუაშვილი: აშკარაა, რომ ხელისუფლება ლარის კურსს ხშირ შემთხვევაში ხელოვნურად ათამაშებს იმისათვის, რომ საარჩევნო ფული ამოიღონ და ამით ზარალდებიან ჩვენი მოქალაქეები – თქვენც, მეც და სხვაც. ამისთვის საჭიროა, რომ ბიზნესს რა გავლენებიც გააჩნია სახელისუფლებო წრეებთან. ერთხელ და სამუდამოდ გადავუკეტოთ. ბიზნესი თავისუფალი იყოს და იმართებდეს მხოლოდ კანონებით და არა გავლენებით. უნდა დასრულდეს კარტერული გარიგებები – იქნება წამლების ფასები ფარმაცევტულ ბაზარზე, საწვავის ფასი თუ სხვა.

_ ანუ დღეს რეალურად ხელისუფლება და ბიზნესი ერთმანეთთან არის შეზრდილი?

_ რა თქმა უნდა და ეს ყველაფერი უკვე კანონის ჩარჩოებიდან არის გასული. ადამიანებს უწევთ საკუთარი თავის გადარჩენაზე ფიქრი. დღეს ყველაა შეშინებული, ოღონდ არა ხელისუფლების აგრესიის შედეგად, არამედ ბუნდოვანი და გაურკვეველი მომავლის შედეგად. როდესაც არ იციან როგორ გაიტანონ თავი ამ ზამთარს თუ მომავალ წელს. წინასწარ ვიცით, რომ მომავალი წელი ასევე კატასტროფული იქნება ჩვენი ეკონომიკისათვის, მაგრამ არანაირი პოზიტიური სიგნალი არ არის „ქართული ოცნების“ მხრიდან იმ სიტუაციაშიც კი, როდესაც წინასაარჩევნო პერიოდში ვიმყოფებით და დაპირებებს უნდა გასცემდნენ. ეს არ იგრძნობა და არავინ გვეუბნება, რომ რაიმე სარგებელს ვნახავთ მათი მმართველობის შედეგად. მხოლოდ და მხოლოდ იმის ძახილია, რომ წინა ცხრა წელი ცუდი იყო. გავიგეთ ეს. ეს საკმარისი არ არის, რომ ჩიხიდან გამოვიდეთ. პოლარიზაციის გაგრძელება ხელისუფლებას აღარ გამოუვა, მომავალი არის მცირე პოლიტიკური პარტიების.

_ ბიზნესთან მიმართებით საინტერესო თემა წამოჭერით და აქვე ჩაგეკითხებით. დღეს ხელისუფლებისა და ბიზნესის ურთიერთობა განსხვავებულია იმასთან, რაც ხდებოდა წინა მმართველობის დროს, რომ ხორციელდებოდა ბიზნესის რეკეტი? ივანიშვილმა სხვა ფორმა აირჩია?

_ ნაკლები წნეხი, მაგრამ უფრო მეტად შემაშინებელი. ამას იყენებს „პრევენციისთვის“, რომ თუ არ იქნებით ჩვენი ხელისუფლების მხარეს, თქვენც იგივე მოგივათ, რაც მოუვიდა რამდენიმე ბიზნესს. ივანიშვილის ხელისუფლება გამონაკლისი არ იყო.

_ ხაზარაძესთან დაკავშირებულ საქმეებს გულისხმობთ?

_ თავისთავად და არა მხოლოდ. ეს ბოლო პერიოდში განსაკუთრებით შეინიშნება, როდესაც მოგვიახლოვდა კოვიდით გამოწვეული საბიუჯეტო დეფიციტი. აშკარად გააქტიურებულია რეპრესიული მანქანა, რომელიც ეფექტურად იყო გამოყენებული წინა ხელისუფლების დროსაც. შეიძლება მასშტაბები სხვაა, მაგრამ ამ მიმართულებით პოლიტიკური ამინდი თითქმის იგივეა.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად