ირაკლი ნადირაძე: ბოტანიკურ ბაღში ჩიტებიც არ ჭიკჭიკებენ ბიძინა ივანიშვილის გარეშე

“ბოტანიკურ ბაღში ლამის ჩიტებიც არ ჭიკჭიკებენ ბიძინა ივანიშვილის გარეშე”,- ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძემ დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, სადაც თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმას განიხილავენ.

ირაკლი ნადირაძემ აღნიშნა, რომ გენგეგმასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნებია, რადგან კონკრეტულ ადგილებზე, რომელიც პარკების მოწყობისთვის იყო განკუთვნილი, მშენებლობები მიმდინარეობს.

“ისტორიული დაცვის ზონა იყო თაბორის მთა, სადაც ბიძინა ივანიშვილს სამშენებლო სამუშაოები აქვს გაჩაღებული. სწორედ ბოტანიკური ბაღის საზღვრები მოინაცვლა მან, როდესაც მისთვის უსარგებლო სამშენებლო ტერიტორიის 4 ჰა გადასცა ბოტანიკურ ბაღს და საერთოდ, მისგან წაიღო ეს ტერიტორია.

ბოდიში, მაგრამ დიახაც გვქონდა და გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ არა “ნაციონალური მოძრაობას” და “რუსთავი 2-ს”, ამ ტერიტორიასაც ემუქრებოდა საფრთხე.

ბოტანიკურ ბაღში ლამის ჩიტებიც არ ჭიკჭიკებენ ბიძინა ივანიშვილის გარეშე და ახლა მის ჭიშკართან, მის ღობესთან შემთხვევით 14 500 კვ.მ-ს რომ ზონა შეეცვალა, ბოდიში, მაგრამ ამას არ დავიჯერებ.

გენგეგმის ძალიან ბევრ კონკრეტულ ტერიტორიაზე არის კითხვის ნიშნები, მაგალითად მომყავს დირსი ჭალები, სადაც დიდი პარკი უნდა მოწყობილიყო და 15 ჰა ფართობზე დენდროლოგიური პარკის მოწყობა იგეგმებოდა. ბოლო ერთ წელიწადში ამ ტერიტორიის ნახევარი სამშენებლო პოლიგონად გადააქციეს.

დღეს ამ ადგილის რუკას როცა ვინმე დახედავს, გაეხარდება, რომ დღესაც მთლიანად ადევს რეკრეაციული ზონა, თუმცა ამ რუკის ქვეშ უკვე გაცემულია გეერგე და დადასტურებულად ვიცით, რომ კორპუსები აშენდება”, – განაცხადა ნადირაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...