ირაკლი მენაღარიშვილი: ალბათ, რუსეთის ელჩის მკვლელობა ალეპოს სისხლისღვრას უკავშირდება

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი აცხადებს, ანკარაში გუშინ მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა.

როგორც მენაღარიშვილმა „აიპრესთან“ საუბრისას განმარტა, შესაძლებლობის ფარგლებში ყველა ვერსია უნდა შემოწმდეს, მათ შორის აბსურდული ვერსიებიც. თუმცა, დიპლომატი მიიჩნევს, რომ ეს უკავშირდება ალეპოს მოვლენებს, სადაც უდანაშაულო ადამიანების სისხლი დაიღვარა.

გუშინ საღამოს 22 წლის თავდამსხმელმა რუსეთის ელჩი მოკლა. შემდეგ კი თავდამსხმელის ლიკვიდაცია განხორციელდა.

ირაკლი მენაღარიშვილი: ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემთვის უამრავი დეტალი პასუხგაუცემელია, ისევე როგორც უმეტესობისათვის ვინც ამ საკითხს აფასებს. ეს იყო ტერორისტული აქტი, მაგრამ ეს სერიოზულად შესასწავლია.

რაც შეეხება იმას, რომ გასროლიდან გარკვეულ პერიოდის განმავლობაში თავდამსხმელი ყვირის, განცხადებებს აკეთებს და ამ დროს უსაფრთხოების სამსახური არ ჩანს, ეს რითი შეიძლება აიხსნას?

თქვენ ერთი შეკითხვა დასვით, ასეთი უამრავი შეკითხვა არსებობს, რომელსაც პასუხის გაცემა სჭირდება. ჯერჯერობით კომენტარებს აკეთებენ მხოლოდ ისინი, რომლებიც ამ საქმის ამა თუ იმ პოლიტიკური ნიშნით წარმოდგენა გვაინტერესებს. დაწყებული რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროთი, დამთავრებული თურქული მხარით. ალბათ ცოტა მეტი მას შემდეგ გახდება ცნობილი რაც ზოგიერთი დეტალი კიდევ დაზუსტდება. შეიძლება ეს დღეს მოხდეს, შეიძლება ხვალ…

გაისმა რომ თავდამსხმელი ყოფილი პოლიციელია და ამ ნიშნით შეარჩია საელჩომ ღონისძიებაზე. უნდა გაირკვეს, ნიშნავს ეს რამეს თუ არა. დაკვირვებულ მკითხველს უამრავი მსგავსი შეკითხვა აქვს. სამწუხაროდ ამაზე პასუხი არ არსებობს.

თქვენი აზრით, ეს ხომ არ გამოიწვევს გარკვეულ დაძაბულობას თურქეთისა და რუსეთის ურთიერთობებში?

ეჭვგარეშეა, რომ რუსულ-თურქულ ურთიერთობებს ხელშეუხებელს არ დატოვებს ანკარაში რუსეთის ელჩის მკვლელობის ფაქტი. მნიშვნელოვანი იქნება ყველაფერი, ყველა ნაბიჯი რაც გადაიდგმება თურქული მხარის მიერ.

ძალიან მარტივი ფორმულაა რუსეთის როლი ალეპოს ტრაგედიაში და ამის გამო შურიძიება სრულიად ლოგიკურად ჟღერს, მაგრამ შეიძლება სხვა დეტალებიც იყოს.

ასეთი ვერსიაც გაჟღერდა, რომ შესაძლოა ამის უკან თავად რუსეთი იდგას, თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით? რამდენად რეალურია ეს ვერსია?

რუსეთს ახასიათებს შეთქმულების თეორიებზე მგრძნობიარე დამოკიდებულება, ამიტომ უამრავ მსგავს ვერსიას შეთხზავენ ხოლმე. ყოველთვის მიჭირდა სერიოზულად აღმექვა, მსგავსი ვერსიები. მაგრამ როდესაც ასეთ რამესთან გვაქვს საქმე, ყველა მათგანი უნდა შემოწმდეს. რა თქმა უნდა შესაძლებლობების ფარგლებში.

კიდევ ერთი ვერსიის მიხედვით, დასავლეთზე მოხდა დარტყმის მიყენება. თუმცა, ვიცით რომ თავისი არსით რუსეთი ნაკლებად მიეკუთვნება დასავლეთს. აქედან გამომდინარე რამდენად ლოგიკურია ეს ვერსია? თუ საქმე გვაქვს ალეპოს მოვლენებში რუსეთის ჩართულობასთან?

დასავლეთი არაფერ შუაშია. საუბარია მათზე ვინც მონაწილეობს იმ ალიაქოთში, რაც ახლო აღმოსავლეთში ტრიალებს. ანუ ვის ხელზეც სისხლია. ზოგ შემთხვევაში სისხლისღვრა გარდაუვალია და მას ვერ აიცილებ. ტერორიზმის წინააღმდეგ ძალაც უნდა იყოს გამოყენებული. მაგრამ ამ შემთხვევაში როდესაც ალეპოს ახსენებენ, გულისხმობენ არა მებრძოლებს ერთ ან მეორე მხარეს, არამედ საუბარია იმ მშვიდობიან მოსახლეობაზე, რომელთა სისხლიც სამწუხაროდ საკმაოდ ბევრი დაიღვარა ამ ისტორიულ ქალაქში. ანუ აქ ძირითადად უდანაშაულო სისხლზეა საუბარი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად