ირაკლი კუპრაძე: #აუდიტორია115-ის წევრების მიმართ გამოძიების დაწყება პოლიტიკური ზეწოლაა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აუდიტორია #115-ის ერთ-ერთი აქტივისტი, ირაკლი კუპრაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, აუდიტორიის წევრების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეს ეხმაურება. როგორც მან "აიპრესთან" საუბრისას განმარტა, ფაქტთან დაკავშირებით ჯერ არაფერი იციან, გამოკითხვაზე კი აუდიტორიის მხოლოდ ერთი წევრი დაიბარეს. 

"ჯერ არაფერი ვიცით. ბრალი არ წაყენებულა. არაფერი გაგვიგია ამის შესახებ. ერთადერთი გამოკითხვაზე დაბარებული იყო თემო ბეჟანიძე. გამოკითხვა იყო და არა დაკითხვა, მოწმის სტატუსზეა საუბარი. სხვა მხრივ არანაირი ინფორმაცია ბრალდებულის, ან საქმის დეტალების შესახებ არ გვაქვს. შესაბამისად, ადვოკატზე არც კი გვიფიქრია, ჯერჯერობით არც აგვიყვანია",- აღნიშნა კუპრაძემ. 

ის მიიჩნევს, რომ გამოძიება პოლიტიკური ნიშნით არის დაწყებული. 

"აშკარად პოლიტიკურია ეს საკითხი. თავის დროზე პირველი სტატია გამოაქვეყნა გაზეთმა "პალიტრამ", თითქოს ცნობებთან დაკავშირებით, რომლითაც ცდილობდნენ გამოცდების გადატანას. მიზანმიმართული კამპანიის სახე ჰქონდა. ბოლო 10 დღეში სხვა საკითხებიც გააქტიურდა. ეს არის საზოგადოებრივ მაუწყებელთან გამართული აქციისა და შენობაში უნებართვო შესვლის ფაქტის შესახებ გამოძიება, სადაც მეც დამიბარეს, ლევან ლორთქიფანიძეც და გიორგი სოფრომაძეც. აქაც გამოკითხვაზეა საუბარი და ბრალდებულების შესახებ არაფერი ვიცით. ჯერჯერობით მხოლოდ მოწმის სტატუსით ვართ დაბარებულები. 

პარალელურად ბათუმში სტუდენტური აქციების პროცესში ჩემთან სალხში იმყოფებოდნენ შსს-ს წარმომადგენლები, რაც მაშინ ზეწოლად შევრაცხეთ და ახლახანს მომივიდა უწყება, რომ სასამართლოშ ვარ დაბარებული დაკითხვაზე. ძალიან საეჭვოდ დაემთხვა ეს მოვლენები ბოლო 10 დღეში, რასაც პოლიტიკურ ზეწოლას ვუწოდებ და სხვას ვერაფერს",- აღნიშნა კუპრაძემ. 

მისივე განმარტებით, პოლიტიკური ზეწოლა შეიძლება იმ ფაქტს უკავშირდებოდეს, რომლის მიხედვით აუდიტორია #115 1 მაისს, მშრომელთა დღესთან დაკავშირებით აქციის გამართვას გეგმავს. 

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ #აუდიტორია115-ის წევრების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით დაიწყო, რაც ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენებას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად