ირაკლი კოვზანაძე: თვითდასაქმებულთა კომპესაციის მიმღებთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს

„შესაძლოა გაფართოვდეს კომპესაციის მიმღებთა რაოდენობა, იმ თვითდასაქმებულებისთვის, რომლებმაც ვერ წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია. მთავრობა შესაბამის ანალიზზე დაყრდნობით, StopCoV ფონდიდან სხვა ჯგუფებისათვის სოციალურ დახმარებას გასცემს, მათ შორის StopCoV ფონდიდან “.

ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი განიხილეს.

ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, მთავრობამ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი პარლამენტში ვადების დაცვით შემოიტანა.

პირველადი ვერსიასთან შედარებით ნაწილობრივ გათვალისწინებულია პარლამენტის შენიშვნები და რეკომენდაციები.

როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, კომიტეტის მოთხოვნის საფუძველზე წარმოდგენილია მთავრობის ვალის მდგრადობის ანალიზი, სადაც სხვადასხვა რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით გაწერილია თუ როგორ მოემსახურება მთავრობა დაკისრებულ ვალდებულებებს საშუალო და გრძელვადიან პერიოდში.

„როგორც იცით 2020 წლის კორექტირებულ ბიუჯეტში ვალის მოცულობა და დეფიციტი საგრძნობლად იცვლება. ბიუჯეტის პროექტით 2020 წლის ბოლოსთვის მთავრობის ვალის მშპ-თან ფარდობის საპროგნოზო მაჩვენებელი შეადგენს 54.4%-ს, ხოლო დეფიციტი 8.5%-ია. რაც შეეხება სხვა პარამეტრებს პირვანდელ ვარიანტთან შედარებით არ შეცვლილა. ბიუჯეტის პროექტში ჩადებულია ეკონომიკის შემცირება მინუს 4 %. 2020 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯება 15.923 მილიარდი ლარი. 2020 წლის ბიუჯეტით გადაზღვეულია რისკები უმუშევრად დარჩენილი ადამიანებისთვის“,- განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.

დღეს, კომიტეტის სხდომაზე 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი განიხილეს და მხარი დაუჭირეს. ამით 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვები დასრულდა. 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებებს მიმდინარე კვირაში სესიაზე დაამტკიცებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად