ირაკლი კოვზანაძე: ეკონომიკური ზრდა შეინიშნება პრაქტიკულად ყველა მიმართულებით

„პანდემიით გამოწვეული რეცესიული 2020 წლის შემდეგ გვაქვს მნიშვნელოვანი ცვლილებები. აპრილის თვემ პრაქტიკულად შეცვალა გარემო და უპრეცედენტო, 45 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. მთლიანობაში, ეკონომიკური ზრდა შეინიშნება პრაქტიკულად ყველა მიმართულებით“,-ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებულ ვერსიის განხილვა მიმდინარეობს.

ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, სწორედ ეკონომიკური ზრდა გახდა ძირითადი საფუძველი იმისა, რომ მთავრობამ ბიუჯეტის კორექტირებული ვერსია წარადგინა პარლამენტში. მისივე თქმით, ეს არის ვერსია, სადაც მნიშვნელოვანი ცვლილებებია.

„ის, რომ ეკონომიკა იზრდება, ჩანს ექსპორტის ზრდაში, ბოლო თვეებია მკვეთრად იზრდება დღგ-ს გადამხდელთა ბრუნვა, გაზრდილია ფულადი გზავნილები. სწორედ მთლიანი შიდა მიმართულების დაგეგმვაზე მაღალი ტემპით ზრდა გახდა ძირითადი საფუძველი, რითაც მთავრობამ, ფინანსთა სამინისტრომ მოამზადა კორექტირებული ვერსია და ბიუჯეტის ცვლილები წარმოადგინა პარლამენტში. მაისში ზრდამ 25,5 პროცენტი შეადგინა, ხოლო მიმდინარე წლის 5 თვეში კუმულატიური ზრდა 11,5 პროცენტია. მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა არის 3,4 პროცენტი დამატებით და აღწევს 7,7 პროცენტს. ბიუჯეტის დეფიციტი მცირდება 7,6 პროცენტიდან 6,9 პროცენტამდე, იმედი მაქვს, რომ რეალური დეფიციტი ბევრად ნაკლები იქნება და ჩემი სურვილია ეს 6, 5 პროცენტამდე ჩამოვიდეს, სამთავრობო ვალი მცირდება 54, 6 პროცენტამდე, 5, 4 პროცენტით. ბიუჯეტის შემოსულობები იზრდება 1 მილიარდ 175 მლნ ლარით, გადასახდელები იზრდება 1მილიონ 114 ლარით და ბიუჯეტის ასიგნებები აღწევს თითქმის 19,5 მილიარდ ლარს ანუ 2021 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯება 19,5 მილიარდი ლარი“,-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელ სხდომას, სადაც 2021 წლის კორექტირებული ბიუჯეტის პროექტზე მსჯელობენ, იმ უწყებების და სამინისტროების წარმომადგენლები ესწრებიან, სადაც საბიუჯეტო ცვლილებები განხორციელდა. ბიუჯეტში ცვლილებები რიგგარეშე სხდომაზე დასამტკიცებლად 23 ივლისს გავა.

კომენტარები
იტვირთება...