ირაკლი კობახიძე: თუ პარტიები გადაწყვეტენ, რომ საბოტაჟზე უარი თქვან, მათ არ შეუჩერდებათ სახელმწიფო დაფინანსება

„კანონპროექტს, რომელიც დაფინანსებას უკავშირდება, კანონპროექტის მიღების შემდეგაც შეუძლიათ პარტიებს, განახორციელონ ისეთი ქმედება, რომელიც მათ დაფინანსებას შეუნარჩუნებს და რომლის საფუძველზეც, სახელმწიფო დაფინანსება არ შეუჩერდებათ. აქედან გამომდინარე, აქ უკუძალის პრობლემა თავიდან ბოლომდე არის მოგვარებული და ამ შემთხვევაში, უკუძალა აქტუალური არ არის“.

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა და განმარტა, რომ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი მიმართულია საბოტაჟის წინააღმდეგ.

„რა თქმა უნდა, თუ პოლიტიკური პარტიები ამ კანონპროექტების გამო გადაწყვეტენ, საბოტაჟზე უარი თქვან და საპარლამენტო ცხოვრებაში შემოვიდნენ, ეს ძალიან კარგი იქნება. ამ შემთხვევაში, მათ არ შეუჩერდებათ სახელწიფო დაფინანსება და არც საეთერო დრო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, რა გავლენას მოახდენს ეს ინიციატივები მოლაპარაკებებზე და დატოვებს თუ არა მოლაპარაკების სივრცეს, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ გავლენას თუ მოახდენს გავლენას, მხოლოდ დადებითს.

„ისინი საბოტაჟს ახორციელებენ, რასაც სამართლებრივი რეაგირება სჭირდება. თუ საპარლამენტო საბოტაჟს ახორციელებს პოლიტიკური პარტია, ის უპირისპირდება დემოკრატიულ სისტემას და დემოკრატიულ ინსტიტუტებს. ამას სამართლებრივი რეაგირება სჭირდება. ამ კანონპროექტების საფუძველზე კიდევ ერთხელ შეუძლიათ პოლიტიკურ პარტიებს, კარგად აწონ-დაწონონ, უღირთ თუ არა ასეთი შტურმი დემოკრატიულ სისტემაზე და დემოკრატიულ ინსტიტუტებზე. თუ მიიღებენ რაციონალურ გადაწყვეტილებას, მათ აღარ შეუჩერდებათ და აღარ შეუწყდებათ არც დაფინანსება და არც უფასო საეთერო დრო. კანონპროექტის მიღების შემდეგაც, მათ რჩებათ სივრცე ამისთვის, რაც ამ პაკეტის მნიშვნელოვანი ასპექტია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...