ირაკლი კობახიძე თემირლან მაჩალიკაშილის საქმეზე: არ არის სწორი ასეთი საკითხების განხილვა ღია რეჟიმში

“აქ არ არის საგამოძიებო კომისიის აუცილებლობაზე საუბარი, საგამოძიებო კომისიას აქვს თავისი სპეციფიკა და ეს სპეციფიკა მდგომარეობს იმაში, რომ რაღაც საკითხები დახურულ ფორმატში ვერ განიხილება, ან ასეთ გადაწყვეტილებას სჭირდება თავისთავად უმრავლესობის მხარდაჭერა.” ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

“სამართალდამცავები იძიებენ ამ საქმეს, მთლიანობაში, რაც არის დაკავშირებული სპეცოპერაციასთან. აქედან გამომდინარე, არსებითად სამართალდამცავების პასუხს უნდა დაველოდოთ. თუმცა, ჩვენ არაერთხელ გვქონდა სხვადასხვა ფორმატში საკითხზე მსჯელობის და ინფორმაციის მიღების საშუალება და ვფიქრობ, სურათი არის ნათელი. დამატებით რა ინსტრუმენტები შეიძლება იყოს გამოყენებული, ეს არ ვიცი, ამაზე მსჯელობა შეიძლება. ოპოზიციას ჰქონდა დახურულ ფორმატში ყველა კითხვაზე პასუხის მიღების საშუალება და დამატებითი, დამაზუსტებელი კითხვები არ ჰქონიათ იმდენად ნათელი იყო რეალურად სურათი. ყველამ იცის, რა არის და როგორ არის. თუ რაიმე დამატებითი ინსტრუმენტები შეგვიძლია გამოვიყენოთ, ამაზე მსჯელობა შეიძლება.

აქ არ არის საგამოძიებო კომისიის აუცილებლობაზე საუბარი, საგამოძიებო კომისიას აქვს თავისი სპეციფიკა და ეს სპეციფიკა მდგომარეობს იმაში, რომ რაღაც საკითხები დახურულ ფორმატში ვერ განიხილება, ან ასეთ გადაწყვეტილებას სჭირდება თავისთავად უმრავლესობის მხარდაჭერა. უმრავლესობა არცერთ მხარეს არ აქვს ასეთ შემთხვევაში. არ არის სწორი ასეთი საკითხების განხილვა ღია რეჟიმში და ეს არის ერთერთი სირთულე, რომელიც არის დაკავშირებული საგამოძიებო კომისიის შექმნასთან. ყველაფერი უნდა ავწონ-დავწონოთ და ამის საფუძველზე მივიღოთ გადაწყვეტილება”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც ცნობილია, პარლამენტმა ბოლო სასესიო კვირაში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ ოპოზიციის მიერ ინიცირებული კანონპროექტი განიხილა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კენჭისყრა ჩატარებული არ არის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...