ირაკლი კობახიძე: თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდობიანი არჩევნები ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების საერთო მონაპოვარია

თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდობიანი არჩევნები ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების საერთო მონაპოვარია. ამ მონაპოვარის გაფრთხილება თითოეული ჩვენგანის, თითოეული პოლიტიკური პარტიისა და პოლიტიკოსის პასუხისმგებლობაა, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„მოვუწოდებთ ყველას, იმოქმედონ ამ პასუხისმგებლობით და ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის სათანადო გარემოში წარმართვას. საარჩევნო პროცესი და პროცედურები არსებითად მშვიდ გარემოში და არსებითი ხარვეზების გარეშე წარიმართება. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ამომრჩევლის მაღალი აქტივობა, რაშიც საარჩევნო ადმინისტრაციას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის. აღსანიშნავია, რომ 10 საათის მონაცემებით აქტივობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მაჩვენებელსაც კი. მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის მოქალაქეებს განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ. ჩვენ გასული დღეების მანძილზე საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები გავაფრთხილეთ კონკრეტული ოპოზიციური პარტიების მიერ არჩევნების დღეს დაგეგმილი დესტრუქციული ქმედებების შესახებ, რომელთა ნაწილი უკვე დადასტურდა. მაგალითად, ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნულმა წევრებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით უარი თქვეს საარჩევნო კომისიებში ფუნქციების გასანაწილებელ კენჭისყრებში მონაწილეობაზე. შეინიშნება ჩვენს მიერ მხილებული ნაცმოძრაობის ფეიკ-სადამკვირვებლო ორგანიზაციების დესტრუქციული ქმედებები, რომელთაგან გამოირჩევა „პლატფორმა 2020“. ჩვენ ვაფრთხილებდით საზოგადოებას, რომ არჩევნების დღეს იგეგმებოდა საარჩევნო ინვენტარის მოპარვა. ამგვარი ფაქტი დაფიქსირდა ბოლნისის 55-ე საარჩევნო უბანზე, სადაც ოპოზიციის ორ წარმომადგენელს, არზუმან ხასიევს ევროპული საქართველოდან და ვაშაძის პარტიის კანდიდატს, ელიმდარ მირიევს, ჰქონდათ გადასატანი ყუთის გატაცების მცდელობა. აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტს კამერით აფიქსირებდა ტვ პირველის ოპერატორი, თუმცა, ყუთის მოპარვისთანავე ოპერატორმა კამერა გათიშა და მიზეზად ტექნიკური ხარვეზი მოიმიზეზა. ამ ფაქტის ვიდეომტკიცებულებას მოგვიანებით წარმოგიდგენთ. შეინიშნება ერთ-ერთი ფეიკ-სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიერ ამომრჩევლის ფოტოგადაღება, რაც თავისუფალი არჩევნების პრინციპის უხეში დარღვევაა. აგრეთვე, ფიქსირდება ამავე ფეიკ-ორგანიზაციის მიერ საარჩევნო უბნებში აგიტაციის აკრძალვის წესის სისტემური დარღვევა. გარდა ამისა, კონკრეტულ რაიონებში, მაგალითად ბოლნისში, შეინიშნება ჩვენს მიერ წინასწარ დასახელებული პირების მიერ ზონდერჯგუფების მობილიზება. პისტოლეტით შეირაღებული დემოსტრაციულად გადაადგილდება დიმიტრი შაშკინი. ვაფრთხილებთ მათ, რომ დესტრუქციის ნებისმიერ მცდელობას კანონის მთელი სიმკაცრით გაეცემა პასუხი. თვალშისაცემია პარტიული ტელევიზიების მიერ საარჩევნო პროცესის უპრეცედენტოდ უპასუხისმგებლო გაშუქება. სიცრუისა და სიყალბის ხარისხი დღევანდელ დღეს მათი ისედაც ყალბი სარედაქციო პოლიტიკის ფონზეც კი გამორჩეულია. ჩვენს აქტივისტებსა და მხარდამჭერებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მაქსიმალური მოთმინებისა და თავშეკავებისაკენ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოქალაქეებს მაქსიმალური აქტიურობისკენ. მოგიწოდებთ ყველას, თქვენი სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირებით თქვენი წვლილი შეიტანოთ ჩვენი ქვეყნის შემდგომ წინსვლასა და განვითარებაში“, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად