ირაკლი კობახიძე: სუს-ში წარვადგინე ადამიანების სიები, რომლებიც იყვნენ მომზადებული დესტრუქციული სცენარისთვის

“ქართული ოცნები”ს აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ე.წ. რევოლუციური სცენარის ფარგლებში “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებისა და აქტივისტების სამზადისთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია.

ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მას შემდეგ განუცხადა, რაც მან სუს-ის შენობა დატოვა და განმარტა, რომ
გამოკითხვისას დაასახელა ინფორმაციის წყარო და ასევე წარადგინა იმ ადამიანთა სიები, რომლებიც “დესტრუქციული სცენარისთვის ემზადებოდნენ”.

“დამიკავშირდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც მე გავავრცელე რამდენიმე დღის წინ. საუბარია ბრიფინგზე, რომელიც უკავშირდებოდა ე.წ. რევოლუციური სცენარის ფარგლებში ნაცმოძრაობის ლიდერებისა და აქტივისტების სამზადისს. მე მქონდა ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია, დავასახელე დღეს ჩემი ინფორმაციის წყარო, ასევე შინაარსი და წარვადგინე იმ ადამიანების სიები, რომლებიც იყვნენ მომზადებული ასეთი დესტრუქციული სცენარისთვის. რა თქმა უნდა უნდა დაინტერესებულიყო გამოძიება და დღეს ამასთან დაკავშირებით შედგა გამოკითხვა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დასმული შეკითხვის საპასუხოდ, რას გულისხმობდა “დესტრუქციული სცენარი”, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ შექმნილი იყო “გარკვეული ტიპის შეიარაღების მქონე” ჯგუფები, სადაც ყოფილი ძალოვანებიც იყვნენ.

“ჩვენ ვთქვით მაშინ, რომ შექმნილი იყო ჯგუფები მათ შორის ე..წ. ეკიპაჟები იმ ადამიანებისგან შემდგარი, რომლებიც იყვნენ მათ შორის ყოფილი ძალოვნები. მათ ჰქონდათ გარკვეული ტიპის შეიარაღება, რომელიც მერე გამოჩნდა არჩევნების დღეს. თქვენ გახსოვთ ადამიანები შეიარაღებული გადაადგილდებოდნენ, ჰქონდათ ელექტროშოკები და ასე შემდეგ. ეს არჩევნების დღეს დადასტურდა კიდეც”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი განმარტებით, ოპონენტებს გარკვეული გეგმები არჩევნების შემდგომ პერიოდშიც ჰქონდათ და გამოძიებას ამის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად