ირაკლი კობახიძე: სატელევიზიო დიალოგი, რაც მოლაპარაკების სახით შედგა, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა

„როდესაც ასეთი მძიმე რამ ხდება, როცა 19 ადამიანის სიცოცხლე დგას რისკის ქვეშ და შენ ცდილობ პოლიტიკური ქულები დაიწერო, ეს არის ბევრად უფრო მძიმე, ვიდრე პოლიტიკური მოროდიორობა“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ტვ „იმედის“ ეთერში. მან მომხდარი ინციდენტის პარალელურად მიმდინარე მოვლენები, მათ შორის, მედიის ქცევა შეაფასა.

„პირველივე შეკითხვით, რომელიც დაისვა მედიის მხრიდან, გაიშიფრა მათი რეალური სახე. საუბარია ადამიანების ბედზე, სიცოცხლეზე და პირველივე კითხვა, რასაც სვამ პრემიერ-მინისტრთან, დაკავშირებულია დანაშაულის სტატისტიკასთან. ეს ხომ ანომალია და აბსოლუტურად არანორმალური მოვლენაა?!. ამას ერთადერთი ახსნა აქვს, რომ საერთოდ არაფერი გაინტერესებს, არც ადამიანი, არც მისი სიცოცხლე. მხოლოდ ერთი რამ გაინტერესებს, რომ შენს პოლიტიკურ პარტიას დაუწერო დამატებითი 1 ქულა, რომ 12%-ის ნაცვლად აიღოს 13 % ან 14 %.

ამის შემდეგ მოხდა კიდევ უფრო გაუგონარი რამ, როცა მოლაპარაკებაში შევიდა კონკრეტული მედიის წარმომადგენელი ასეთი მძიმე დანაშაულის ჩამდენ პირთან. ეს სატელევიზიო დიალოგი, რაც შედგა მოლაპარაკების სახით , სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა. ეს არ იყო მხოლოდ უპასუხისმგებლო ქმედება კონკრეტული მედიის წარმომადგენლის მხრიდან. მან პრაქტიკულად გაამძაფრა რისკი, რომლის ქვეშაც იდგნენ კონკრეტული მძევლები. ამას მიეცემა როგორც პოლიტიკური, ასევე სამართლებრივი შეფასება. მახსოვს, რომ წარსულში ტყუილის რაღაც ზღვარი არსებობდა. ითვლებოდა, რომ კაცი არ იყავი, თუ რაღაცის მიღმა იტყუებოდი. დღეს ტელევიზიაში გამოდიან 35-50 წლის კაცები და თითქმის ყოველ ფრაზაში იტყუებიან. ეს არ ხდებოდა ადრე, რაღაც კულტურა არსებობდა პოლიტიკაში. სააკაშვილმა შემოიტანა ეს და დაამკვიდრა პოლიტიკაში და მერე მედიაში. ეს არის რაღაც საშინელი ფენომენი, რომელსაც არ ვიცი, რა შეიძლება დაუპირისპირდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად