კობახიძე: სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის კანონპროექტები მაისის შუა რიცხვებში იქნება ინიცირებული

„ვიმსჯელებთ გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც დაკავშირებულია მეოთხე ტალღის რეფორმასთან, წარვადგენთ კონკრეტულ გეგმას, რომელიც უზრუნველყოფს სესიის ბოლომდე შესაბამისი საკანომდებლო ცვლილებების  უკვე მიღებას პარლამენტის მიერ”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ იმ შეხვედრაზე საუბრისას, რომელზეც დღეს, მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებული სამუშაო პროცესის დაგეგმვაზე იმსჯელებენ. შეხვედრაში მონაწილეობას ხელისუფლების სამივე შტოს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მიიღებენ.

ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველმა გუნდმა პოლიტსაბჭოს ფორმატში, გააკეთა განცხადება, რომ სურს, მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღა საგაზაფხულო სესიის ფარგლებში დაასრულოს.

“ეს ნიშნავს, რომ მაისის შუა რიცხვებში უნდა იყოს უკვე ინიცირებული შესაბამისი კანონპროექტები. თემები  გამოკვეთილია. რაც შეეხება დისციპლინურ წარმოებას,  თითქმის ბოლომდეა ეს პროცესი მიყვანილი. რაც შეეხება სასამართლოს გადატვირთულობას, აქ შეგვიძლია სწრაფი ტემპით მოვამზადოთ შესაბამისი კანონპროექტი. რაც შეეხება იუსტიციის უმაღლეს სკოლას და საბჭოს, ამასთან დაკავშირებითაც შევიმუშავებთ კანონპროექტებს და შეგვიძლია უკვე მაისის შუა რიცხვებში ფართო ჩართულობით წარვადგინოთ ეს კანონპროექტები და საბოლოო ჯამში შესაძლებელი გახდება ივნისის ბოლომდე ამ დოკუმენტების მიღება. სწორედ ამ გეგმის წარდგენა გვინდა ჩვენ პარტნიორებისთვის”,- აღნიშნა პარლამენტის  თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, და იგი სრული კონსესუსით შემუშავდა კანონპროექტი, რომელიც დისციპლინური წარმოების საკითხებს ეხება, თუმცა, ბოლო მომენტში, ერთერთი საერთაშორისო პროგრამის წარმომადგენელმა დამატებით დასვა რამდენიმე საკითხი, რომელზეც შემდეგ შეხვედრაზე იმსჯელებენ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, სავარაუდოდ, 15 მაისამდე, დოკუმენტები შემუშავებული და პარლამენტში ინიცირებული იქნება.

“ჩვენ პროექტი გვაქვს მომზადებული პირველ საკითხთან დაკავშირებით – ეს არის დისციპლინური წარმოება. სრული კონსესუსით შევიმუშავეთ ეს კანონპროექტი. უბრალოდ, ბოლო მომენტში, ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, საერთაშორისო პროგრამის,   დასვა დამატებით რამდენიმე საკითხი და ამ რამდენიმე საკითხის განხილვა გვჭირდება შემდეგ შეხვედრაზე. როგორც კი ამას განვიხილავთ, მაშინვე მოვახდენთ უკვე დისციპლინური წარმოების შესახებ კანონპროექტის ინიცირებას

რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს, ამაზე დამატებით დეტალური მსჯელობა დაგვჭირდება და ამის შემდეგ უკვე იმ დოკუმენტებსაც წარვადგენთ. 15 მაისისთვის, უხეშად, ეს დოკუმენტები უნდა იყოს უკვე შემუშავებული, ინიცირებული პარლამენტში”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...