ირაკლი კობახიძე: საქართველოში არავის დევნა არ ხდება პოლიტიკური მოტივებით, ისინი არიან პოლიტკრიმინალები

“მთავარი არის ის, რომ საქართველოში არავის დევნა არ ხდება პოლიტიკური მოტივებით, საქართველოში არიან პოლიტიკური კრიმინალები, ეს არის მაგალითად უგულავა, რომელმაც 48 მილიონი მოიპარა, მელია, რომელმაც ადეიშვილის დავალებით “ქართუ ბანკი” გააკოტრა, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც სასტიკად ეპყრობოდნენ სხვა ადამიანებს. მოლაშვილის საქმეზე აქვთ შეფარდებული სასჯელი კონკრეტულ პოლიტიკოსებს. არც ერთი მათგანი არ არის პოლიტიკური დევნილი, ისინი არიან პოლიტკრიმინალები”.

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც პოლიტიკური დევნის შესახებ ევროპარლამენტარების განცხადებებს გამოეხმაურა.

რაც შეეხება ევროპარლამენტის რეზოლუციას და იმ რეკომენდაციებს, რომელიც კანონმდებლობასთან დაკავშირებით არსებობს, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ, ისინი გაზიარებული იქნება და ეს საკითხი დაიხურება.

„საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები არ არსებობს, საქართველოში არიან პოლიტიკური კრიმინალები, რომლებსაც შეეფარდათ კონკრეტული სასჯელები და ასეთი ადამიანები პოლიტიკაში არ უნდა იყვნენ. მარტივი კითხვა მინდა დაგისვათ, მე რომ მოვიპარო წელს 48 მილიონი და მოვახმარო ეს საარჩევნო მიზნებს, ჩემს მიმართ ოდესმე აღძრული საქმე შეიძლება ჩაითვალოს პოლიტიკურად მოტივირებულად? რა თქმა უნდა არა. პასუხი მარტივია”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე თუ რატომ მოხვდა ანგარიშში პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების შესახებ ჩანაწერი, ირაკლი კობახიძემ განმარტა,  რომ ეს ჩანაწერი საკმაოდ რბილია და მას ევროპარლამენტარების უმეტესობა არ ეთანხმება.

„ეს მოხვდა იმიტომ, რომ ისიც არის პარლამენტი, არიან პოლიტიკოსები და მათ უწევთ გარკვეული კომპრომისების მიღწევა, შესაბამისად, იქ რაღაც ჩაიწერა, რასაც ჩვენ არ ვეთანხმებით, ეს არის ერთი პატარა პასაჟი, თუმცა ვხედავთ, რომ ეს ჩანაწერიც არის ძალიან რბილი. ევროპარლამენტში უმეტესობა ამ ჩანაწერს არ ეთანხმებოდა, თუმცა, გარკვეული კომპრომისის გამონახვა პოლიტიკოსებს უწევთ”, – განაცხადა ირაკლი  კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად