ირაკლი კობახიძე: სამართლებრივად „ნაცმოძრაობის“ აკრძალვის ყველანაირი საფუძველი არსებობს, იმდენი დანაშაული აქვთ ჩადენილი მოქალაქეების და ქვეყნის წინააღმდეგ

„მე როგორც იურისტი გეტყვით, რომ სამართლებრივად, კონსტიტუციით დადგენილია აკრძალვის საფუძვლები და სამართლებრივად, „ნაცმოძრაობის“ აკრძალვის ყველანაირი საფუძველი არსებობს იმდენი დანაშაული აქვთ ჩადენილი საკუთარი მოქალაქეების და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ“.

ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„2012 წლის მოწვევის პარლამენტმა უზარმაზარი საქმე შეკრა, რომელშიც მაშინდელი ხელისუფლების მიერ ჩადენილი ყველა დანაშაულია გაერთიანებული. დამკვიდრებული იყო სისტემური პრაქტიკა ადამიანის ღირსების შელახვის, წამების და ასე შემდეგ. არსებობს დანაშაულები ქვეყნის და სახელმწიფოს წინააღმდეგ – ეს არის ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ჩაბარება, რასაც მოსამზადებელი საუშაო უძღოდა წინ. ახლა დავით გარეჯის საზღვრის მონაკვეთზეა საუბარი, რომელიც შეიძლება ბევრად უფრო მძიმე იყოს, რადგან კულტურულ და სულიერ მემკვიდრეობას ეხება საქმე. მათ შემოხაზეს გაუქმებული საზღვრები იმ ოლქისა, რომელიც ჯერ კიდევ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებამ, ეს იყო სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრები, რითაც დამატებით ისარგებლა რუსეთის ფედერაციამ და ამან ხელი შეუწყო რუსეთს, რომ განეხორციელებინა ამ ისტორიული რეგიონის ოკუპაცია და დღემდე ეხმარება ბორდერიზაციის პროცესის წარმართვაში – ეს ხომ არის სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი ცხადი დანაშაული. ეს დანაშაულები შეიძლებოდა გამხდარიყო ამ პარტიის აკრძალვის საფუძველი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყნისთვის უკეთესი იქნებოდა, რომ ასეთი დანაშაულებრივი რეჟიმი 2012 წელს შეფასებულიყო და ამ შეფასებას უნდა მოჰყოლოდა პოლიტიკური რეაგირებაც.

„ვგულისხმობ პოლიტიკურ შეფასება და პოლიტიკურ სანქციას კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ, როგორც მოხდა ნიურნბერგის პროცესზე თავის დროზე გერმანიაში.

შეიძლება ის გასაქანი არ ჰქონდათ, როგორც ფაშისტურ ხელისუფლებას, მაგრამ შინაარსით, ეს იყო იგივე ფაშისტური პოლიტიკური ძალა – „ნაციონალური მოძრაობა“. 2012 წელს, ეს რომ მომხდარიყო, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის უკეთესი იქნებოდა, თუმცა იქ იყო სხვადასხვა ფაქტორი და შეგნებულად არ შევალ სიღრმეებში. რაც შეეხება დღევანდელ მოცემულობას, დღეს რომ ვისაუბროთ ამ პარტიის აკრძალვაზე, შემიძლია გითხრათ ევროპის ქვეყნებში არსებული ზოგადი მიდგომა – ზოგაგად, მიღებული არ არის თუნდაც უკიდურესად ექსტრემისტული პარტიების აკრძალვა, გამომდინარე იქედან, რომ ასეთი პარტიები, მაგალითად, როგორიც არის გერმანიაში ნეონაცისტური პარტია, იატაკქვეშეთში უფრო საშიშები არიან. როდესაც ის არის ღია ცის ქვეშ, განეიტრალებულია მათი დანაშაულებრივი ზრახვები. რაც შეეხება ჩვენს შემთხვევას, მიგვაჩნია, რომ ნაცმოძრაობის“ ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად