ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო რეფორმაში შეტანილი წვლილისთვის „თავისუფლების საპარლამენტო ორდენით“ დაჯილდოვდება

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბიუროს, „თავისუფლების საპარლამენტო ორდენით“ უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის დაჯილდოების, წინადადებით მიმართა.

„საქართველოს პარლამენტის წევრი, უმრავლესობის ლიდერი, ბატონი ირაკლი კობახიძე წარვადგინოთ თავისუფლების საპარლამენტო ორდენზე, დავაჯილდოვოთ ამ ორდენით. მოგეხსენებათ, რომ მან განუზომლად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საკონსტიტუციო რეფორმაში. ის პირადად, როგორც პარლამენტის წინა თავმჯდომარე, ხელმძღვანელობდა საკონსტიტუციო რეფორმას. ეს გახლავთ რეფორმა , რომელიც არაერთმა პოლიტიკურმა ლიდერმა სხვა მოწვევების პარლამენტში არაერთხელ სცადა, რომ გაეტარებინა. ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, სამწუხაროდ, ეს წინა შემთხვევებში, ვერ მოხერხდა. თუმცა ირაკლი კობახიძემ შეძლო, საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრთა მხარდაჭერით, ამ რეფორმის წარმატებით დასრულება და, რა თქმა უნდა, ჩვენთვის საამაყოა, რომ არაერთი ჩვენგანი გახლდით ამ პროცესში ჩართული და გვაქვს კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღებული საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით.
შესაბამისად, მოგმართავთ, რომ ირაკლი კობახიძე თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დავაჯილდოვოთ. ვფიქრობ, ეს იქნება სიმბოლური, მოკრძალებული აღნიშვნა იმ წვლილის, რაც მან შეიტანა კონსტიტუციის შესაბამისად დემოკრატიის და სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარების პროცესში.
კანონმდებლობით, ორდენით დაჯილდოება გახლავთ ასევე, ფულადი ჯილდოც. მე მქონდა მასთან პირადად კონსულტაცია და მინდა წინმსწრებად გითხრათ მისი სურვილის შესახებ. ირაკლი კობახიძე გეგმავს, ეს თანხა გადაურიცხოს ონკოლოგიური დიაგნოზების მქონე ბავშვებს. ამ ადამიანებს, ჩვენი ქვეყნის არასრულწლოვან მოქალაქეებს, ვისაც ონკოლოგიური პრობლემები აწუხებთ, გადაურიცხოს და დაეხმაროს მათ მკურნალობის პროცესში“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...