ირაკლი კობახიძე: სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის გამოძახილია

საქართველოს პარლამენტის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სწორედ საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ამერიკის შეერთებულ შტატებში ახლახან განხორციელებული ვიზიტის შედეგია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, რომელიც რეალურად საქართველოს და მის ხელისუფლების მხარდამჭერ განცხადებას წარმოადგენს.

„პირდაპირ არის მინიშნებული აშშ-ის საელჩოს ვებგვერდზე, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული განცხადება არის სწორედ ამ ვიზიტის გამოძახილი და მოხარული ვართ, რომ პოზიტიური განცხადება, შეფასება გაკეთდა ამერიკელი პარტნიორების მხრიდან იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც ვითარდებოდა ჩვენს ქვეყანაში. განსაკუთრებით გამოიკვეთა მეოთხე ტალღის რეფორმის მხარდაჭერა და დადებითი შეფასება გაკეთდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, სამწუხაროდ, ოპონენტებმა როგორც კი დაინახეს, რომ რეფორმის თაობაზე თავის დროზე ჯერ კიდევ აშშ-ის საელჩოს, ასევე ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ ძალიან პოზიტიური შეფასება გაკეთდა, ისე მოხდა, რომ კონკრეტულმა მედიასაშუალებებმა საერთოდ იგნორირება გაუკეთეს ამ თემას – „პრაქტიკულად, თითქმის საერთოდ არ აშუქებდნენ მეოთხე ტალღას, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, წინგადადგმული ნაბიჯი, რაც ემსახურება სასამართლოს ეფექტიანობისა და დამოუკიდებლობის შემდგომ განმტკიცებას. ასევე საუბარია დიალოგის მნიშვნელობაზე და ეს ნაბიჯიც არის პოზიტიურად შეფასებული ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან, სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან“.
როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მმართველმა ძალამ ანგარიში გაუწია პარტნიორების, პირველ რიგში ამერიკელი მეგობრების წინადადებას, რომ უნდა დაწყებულიყო დიალოგი საარჩევნო სისტემის საკითხთან დაკავშირებით.
„ჩვენთვის მარტივი ნამდვილად არ არის ერთ მაგიდასთან ჯდომა იმ ადამიანებთან, რომლებიც ყველანაირ არასწორ მეთოდს იყენებენ პოლიტიკურ პროცესში, თუმცა ჩვენ აქაც ანგარიში გავუწიეთ საერთაშორისო პარტნიორებს და დღეს გრძელდება კონსულტაციები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. იმედი გვაქვს, რომ ეს კონსულტაციები იქნება წარმატებული. მთლიანობაში განცხადება არის პოზიტიური.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან მუშაობა იმ საკითხებზე, რომლებიც არის ბოლოს გამოკვეთილი – ეს არის მართლმსაჯულების სფეროში შემდგომი განმტკიცება დამოუკიდებლობის და ეფექტიანობის, ასევე პროკურატურასთან დაკავშირებით არის მინიშნება. ერთიც და მეორეც, ბუნებრივია, ჩვენთვის არის განსაკუთრებული გამოწვევა, სწორედ ამიტომ განხორციელდა იგივე მეოთხე ტალღის რეფორმა სასამართლო სისტემაში, რომ ამ სისტემის დამოუკიდებლობის და ეფექტიანობის შემდგომი განხორციელება იყოს უზრუნველყოფილი. ამაზე ჩვენ მზად ვართ ერთად ვიმუშაოთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის, პირველ რიგში ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან და ეს თანამშრომლობა, დარწმუნებული ვარ იქნება ძალიან წარმატებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად