ირაკლი კობახიძე: სახალხო დამცველის ექიმთა ჯგუფის ფეიკდასკვნას თუ მოჰყვა სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და სცენარი, რისიც გვეშინია, ამას შეიძლება, მათი პასუხისმგებლობაც მოჰყვეს

კონსილიუმის წევრთა უდიდესი უმრავლესობა არის პოლიტიკურად უკიდურესად მიკერძოებული. ამას თვეების განმავლობაში არ მალავდნენ, მათ შორის, საკუთარი საჯარო პოლიტიკური განცხადებებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ბუნებრივია, კონსილიუმის მიმართ ნდობის ხარისხი არის ძალიან დაბალი და წინასწარ ადვილად პროგნოზირებადი იყო ე.წ. დასკვნა, რომელიც მომზადდა.

„სინამდვილეში, მათ დასკვნა უნდა მოემზადებინათ ე.წ. რეფიდინგთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება შიმშილობის შემდგომ მკურნალობას. სააკაშვილი აცხადებს, რომ მას აღარ აქვს პოლიტიკური მოთხოვნა, აღარ შიმშილობს პოლიტიკური მოთხოვნით, მისი ერთადერთი მოთხოვნაა მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, ამ შემთხვევაში, წყვეტს შიმშილობას. აქედან გამომდინარე, ამ ე.წ. კონსილიუმს უნდა მოემზადებინა დასკვნა არა შიმშილობის მკურნალობასთან დაკავშირებით, არამედ შიმშილობის შემდგომ მკურნალობასთან დაკავშირებით. ეს რომ არ გააკეთა, ეს კიდევ ერთი მარტივი დასტურია მისი პოლიტიკური მიკერძოებულობის. ანუ, იმთავითვე ფეიკია ის, რაც გააკეთა ე.წ. კონსილიუმმა. როცა იდება ასეთი ფეიკდასკვნა ექიმებისა და სახალხო დამცველის მიერ, ეს ამ ეტაპზე არის ერთი მორიგი ფეიკი, მაგრამ წარმოვიდგინოთ, რომ თუ ამ ფეიკდასკვნას გაგრძელება მოჰყვა, რაც არის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და ამას მოჰყვა ის სცენარი, რისიც ჩვენ გვეშინია, ამ შემთხვევაში, ეს მორიგი ფეიკი ხდება ისეთი რამ, რასაც შეიძლება პირდაპირ პასუხისმგებლობაც მოჰყვეს, მათ შორის ომბუდსმენის და კონკრეტული ექიმების“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ: საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.

6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა იმ პროდუქტების ამსახველი ფოტომასალა, რომლებითაც პატიმარი სააკაშვილი იკვებებოდა. მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა. მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შესაწყვეტად გარკვეულ პირობებს აყენებს.

პრეზიდენტის განცხადებით, კანონის წინაშე ყველა ერთია, მაგრამ სააკაშვილი განსაკუთრებული პატიმარია, რადგან ყველა აკვირდება მის მდგომარეობას და უმაღლესი სტანდარტების შესრულებას მოითხოვს.

კომენტარები
იტვირთება...