ირაკლი კობახიძე: საარჩევნო რეფორმაზე სამუშაო პროცესი აგებულია ეუთო-ს 27 რეკომენდაციაზე

„საარჩევნო რეფორმაზე სამუშაო პროცესი აგებულია ეუთო-ს რეკომენდაციებზე და ყველა პრინციპულ საკითხზე მოხდება პოზიციების შეჯერება.“ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საარჩევნო რეფორმაზე პირველი დახურული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი განმარტებით, ეუთო-მ წარმოადგინა თავისი რეკომენდაციები საარჩევნო კანონმდებლობაზე და სამუშაო პროცესში მსჯელობა გაიმართება თითოეულ პუნქტზე.

„ვიწყებთ რთულ, მაგრამ საინტერესო პროცესს. წარმოდგენილია 27 რეკომენდაცია. სამუშაო პროცესი აგებული ძირითადად იქნება ამ რეკომენდაციებზე. თითოეულ პუნქტზე მსჯელობა იქნება და დარწმუნებულ ვარ, ყველა პრინციპულ საკითხზე შევძლებთ პოზიციების შეჯერებას. მიუხედავად იმისა, რომ თემა პოლიტიკურად ძალიან მგრძნობიარეა, ძალიან ბევრია სუბიექტური ინტერესები.

შესაძლებელია, ისეთი რეგულაციების ჩამოყალიბება, რაზეც პოლიტიკური პოზიციები შეჯერდება. შევხედავთ, როგორ წარიმართება ეს პროცესი. არის უამრავი საკითხი, მათ შორის, პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული, ასევე უფასო სარეკლამო დროს განაწილებასთან დაკავშირებული საკითხები, არის ე.წ. სიჩუმის დღის საკითხი, რადიუსის საარჩევნო უბნების გარშემო.

არის სხვადასხვა რეკომენდაცია, თითოეულ რეკომენდაციაზე გვექნება დეტალური მსჯელობა და ამის საფუძველზე უნდა ჩამოვაყალიბოთ ისეთი რეკომენდაციები, რომელიც წაადგება საარჩევნო გარემოს. წინასწარ რაიმე პროექტი არ გვაქვს მომზადებული, ველოდებით, წინადადებებს, რომელიც 24 ივნისამდე იქნება წარმოდგენილი თითოეული მონაწილე სუბიექტის მხრიდან, ამის შემდეგ უკვე მოვამზადებთ კანონპროექტს და ივლისის პირველ ნახევარში დაიწყება მსჯელობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტში საარჩევნო თემატიკაზე პირველი შეხვედრა დახურულ ფორმატში გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ, როგორც საპარლამენტო, არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე მმართველი გუნდის ლიდერები, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...