ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი საქართველოში თუ ჩამოვა, საზღვრიდან მოხვდება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ყველაფერი იქნება ლამაზად

სააკაშვილი საქართველოში თუ ჩამოვა, საზღვრიდან მოხვდება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ყველაფერი იქნება ლამაზად, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ მხარდამჭერებს უკვე წლებია, საქართველოში ჩამოსვლას ჰპირდება, თუმცა ბევრჯერ გაუცრუა ხალხს იმედი.

„უკვე არაერთი წელია, საკუთარ მხარდამჭერებს ჩამოსვლას ჰპირდება, თუმცა ყოველ ჯერზე გაუცრუა იმედები საკუთარ ამომრჩეველს. ვიცით, რომ მხდალია, მშიშარაა და აქედან გამომდინარე, ალბათ გაუჭირდება ამ შემთხვევაშიც ამ ანონსის შესრულება. თუმცა, ვნახოთ, თუ შემოვა, მას მიეჩინება ის ადგილი, რაც უნდა მიეჩინოს“, – განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, გამოიყენებს თუ არა ხელისუფლება სააკაშვილის წინააღმდეგ ძალას, რადგან მის დაცვას 40 ათასი ადამიანი აპირებს, კობახიძემ განაცხადა, რომ არანაირ ძალას არ გამოიყენებს.

„ძალის გამოყენება არის ის, რაც სჭირდება სამართალდამცავ ორგანოს, რომ ნებისმიერი კრიმინალი დააკავოს. რა 40 000 ათასი ადამიანი, 5 000 ვერ შეკრიბეს, აქციები როცა ჰქონდათ. ჩვენ არ დაგვჭირდება არანაირი ძალის გამოყენება, ყველაფერი იქნება ლამაზად. საზღვრიდან მოხვდება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ეს ყველაფერი ძალიან ლამაზად გაკეთდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები
იტვირთება...