ირაკლი კობახიძე: რუსთაველზე მიმდინარე აქცია პარტიული აქტივით იყო ორგანიზებული

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ, პარლამენტთან, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის შეფასებისას განაცხადა. 

“რაც შეეხება აქციის მონაწილეებს, ჩვენთვის პატივსაცემია თითოეული მოქალაქე. თუმცა, ერთმანეთისგან გასამიჯნია გარკვეული აქცია, რომელიც სახალხო მღელვარების საფუძველზე იმართება და აქცია, რომელიც აქტივის მობილიზაციის საფუძველზე იმართება. 

ეს იყო აქტივის მობილიზაციის საფუძველზე გამართული აქცია. თუმცა, თითოეული მათგანი, თითოეული წევრი  ნებისმიერი პარტიის აქტივი არის ჩვენი მოქალაქე და თითოეული მათგანი ჩვენთვის პატივსაცემია. 

თითოეული მათგანის უფლებები, შეკრების უფლება, გამოხატვის თავისუფლება იქნება დაცული, რა თქმა უნდა თუ ეს ყველაფერი იქნება განხორციელებული მშვიდობიანი ფორმებით.

ამ შემთხვევაში, ზოგადად აქცია იყო პარტიული აქტივით ორგანიზებული, ეს არის ცალსახა სურათი, რომელიც არის გამოკვეთილი. 

რაც შეეხება ჩვენს ყოფილ თანაგუნდელებს, რომლებიც რამდენიმე თვის წინ გავიდნენ პარტიიდან, ისინიც გახდნენ პარტიული აქტივის შემადგენელი ნაწილი” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირის ნაწილი ჯებირებით არის გადაკეტილი და ადგილზე კარვებია გაშლილი. აქციის მონაწილეები და პოლიტიკოსები დაშლას არ აპირებენ და პერმანენტულ აქციებს აანონსებენ. აქციის მონაწილეების ნაწილმა ღამე ღია ცის ქვეშ გაათია.

პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონსტიტუციურ კანონში ცვლილებები ჩააგდო. ამის საპასუხოდ, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მასშტაბური აქციები დაანონსდა.

აქციის მონაწილეები, პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილს საკონსტიტუციო კანონპროექტის ჩავარდნაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ არ დაიშლებიან.

საპროტესტო აქციას სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები შეუერთდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად