ირაკლი კობახიძე: რიგ საარჩევნო უბნებზე იგეგმება მნიშვნელოვანი ინვენტარის, დოკუმენტაციის დაზიანება ან მოპარვა

ჩვენ საზოგადოებას, საერთაშორისო პარტნიორებსა და მედიასაშუალებებს რეგულარულად ვაწვდით ინფორმაციას რადიკალური ოპოზიციის იმ გეგმების შესახებ, რომელთა მიზანი საარჩევნო გარემოსთვის ჩრდილის მიყენებაა. ამჯერად, გვსურს, მოგაწოდოთ ინფორმაცია რადიკალური ოპოზიციის დესტრუქციული გეგმების შესახებ, რომლებიც არჩევნების დღეს უკავშირდება, – ამის შესახებ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

“პირველი, იგეგმება ერთი და იგივე საკითხებზე სხვადასხვა წარმომადგენლებისა და დამკვირვებლების მიერ საჩივრების დიდი რაოდენობით შეტანა, რათა ხელოვნურად შეიქმნას მაღალი სტატისტიკა საჩივრების კუთხით.

– გარდა ამისა, რადიკალური პარტიები და მათი ფეიკ-დამკვირვებლები გეგმავენ საარჩევნო კომისიებიდან არჩევნების დღეს ჭარბი ინფორმაციის გამოთხოვას, რათა კომისიების წევრებმა ვერ შეძლონ ძირითად საქმიანობაზე ჯეროვანი კონცენტრირება და ამით, შეფერხდეს კომისიების საქმიანობა.

– ასევე, იგეგმება საუბნო კომისიების პირველ სხდომებზე არაუფლებამოსილი პირების დასწრება (მაგალითად, პარტიის მიერ დანიშნული და შემდეგ მოულოდნელად მოხსნილი წევრის მისვლა), რითაც სურთ შექმნან საბაბი სხდომების ლეგიტიმურობის საკითხის შესახებ სპეკულირებისათვის.

– იგეგმება საუბნო კომისიის წევრებს შორის ფუნქციების გასანაწილებელ წილისყრებში არმონაწილეობა ან წილისყრით განსაზღვრული ფუნქციის შესრულებაზე უარის თქმა და პროცედურების საბოტაჟი.

– მთელ რიგ უბნებზე იგეგმება მნიშვნელოვანი ინვენტარის ან დოკუმენტაციის (მაგალითად, რეგისტრატორის ან კომისიის ბეჭდის, სარეგისტრაციო ჟურნალის, ჩანაწერთა წიგნის) დაზიანება ან მოპარვა.

– იგეგმება უბნებიდან ბიულეტენების გატანა რადიკალური ოპოზიციის მიერ დანიშნული კომისიის წევრი რეგისტრატორების მიერ და შემდგომ სიუჟეტების ინიცირება, თითქოსდა ე.წ. კარუსელის მცდელობები ამხილეს.

– ასევე, იგეგმება რადიკალური ოპოზიციის აქტივისტების მიერ უბნებზე გაკრული ამომრჩეველთა სიების საჯარო ვერსიის ჩამოხევა და იმ მომენტის დაფიქსირება, როდესაც უბანზე ასეთი სია გამოკრული არ არის.

– იგეგმება ცრუ ბრალდებების გავრცელება, თითქოს, ამომრჩევლების ფოტოსურათიანი სიის საჯარო ელექტრონული ვერსიები ცესკოდან მხოლოდ მმართველ პარტიას აქვს მიღებული, აგრეთვე ცრუ ბრალდებების გავრცელება იმის თაობაზე, რომ გაცემულ სიებში აღნიშნულია ამომრჩეველთა პირადი ნომრებიც.

– იგეგმება უსაფუძვლო აჟიოტაჟი სიებში ე.წ. მკვდარი სულების არსებობის შესახებ.

– იგეგმება მარკირებაგავლილი ამომრჩევლების უბანზე ხელახლა მიყვანა და აჟიოტაჟის შექმნა იმის შესახებ, რომ თითქოს, აღნიშნული პირი „ქართული ოცნების“ ამომრჩეველია და ცდილობს მეორედაც მისცეს ხმა.

– იგეგმება მათ მიერ დანიშნული კომისიის წევრი რეგისტრატორების მიერ ამომრჩევლისთვის სხვის, კერძოდ, ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერი ამომრჩევლის გრაფაში შეგნებულად ხელის მოწერინება, ხოლო ამ უკანასკნელის უბანზე გამოცხადების შემდეგ აჟიოტაჟის შექმნა, რომ სხვების მაგივრად ხდება ხმის მიცემა უცნობი პირების მიერ.

– იგეგმება ამავე რეგისტრატორების მიერ ამომრჩეველზე ბიულეტენის გაცემა სიაში ხელმოწერის გარეშე, აგრეთვე ხელმოწერების დათვლის დროს ხელმოწერების გამოტოვება ოქმის შევსების პროცედურების გაჭიანურებისა და შესაბამის მონაცემებში ბუნდოვანების შეტანის მიზნით.

– იგეგმება სხვადასხვა პროვოკაციების მოწყობა უბნებზე, სადაც აღინიშნება ოპოზიციის მიერ მიღებული ხმების განსაკუთრებით დაბალი დინამიკა.

– იგეგმება საარჩევნო კომისიის წევრებისა და წარმომადგენლების სიტყიერი შეურაცხყოფა ფიზიკური დაპირისპირების პროვოცირების მიზნით.

– იგეგმება საარჩევნო უბნებთან ხელოვნური რიგების შექმნა ამომრჩევლის აქტივობის შემცირების მიზნით.

– იგეგმება კოვიდ-უსაფრთხოებასთან დაკავშირებული წესების განზრახი დარღვევა ამომრჩევლებს შორის შიშის გასაჩენად.

– უბნებზე, სადაც რადიკალური ოპოზიცია განსაკუთრებით დიდი უპირატესობით აგებს არჩევნებს, იგეგმება ცრუ ინფორმაციის გავრცელება კომისიის წევრის, დამკვირვებლის ან წარმომადგენლის ინფიცირების შესახებ – ამ ინფორმაციას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ჩვენმა ამომრჩევლებმა.

– საერთაშორისო პარტნიორების წინაშე ხელმოწერილი მემორანდუმის დარღვევით, იგეგმება საარჩევნო უბნების გარშემო ე.წ. პერიმეტრის წესის დარღვევა, აქტივისტების გარკვეული კონცენტრაცია და ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება.

ეს არის ის ძირითადი დესტრუქციული ქმედებები და მათი ჩამონათვალი, რომლებიც რადიკალურ ოპოზიციას არჩევნების დღისათვის აქვს მოაზრებული. შეგახსენებთ, რომ ამ ქმედებების უმეტესობას ისინი წინა არჩევნებზეც მიმართავდნენ, თუმცა საბოლოო ჯამში მათ რეალურად ჩრდილი ვერ მიაყენეს საარჩევნო პროცესს.

გარდა ზემოაღნიშნულისა, არჩევნების დღის მთავარ გამოწვევად რჩება რადიკალური ოპოზიციის ძალადობრივი პროვოკაციებისა და ინციდენტების პრევენცია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ისინი პროვოკაციების ეპიცენტრებად მოიაზრებენ ბოლნისს, დმანისს, მარნეულს, ბათუმს, ზუგდიდსა და გლდანს. ვაფრთხილებთ მათ, რომ ნებისმიერი ამგვარი ქმედება უმკაცრესად დაისჯება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს აქტივისტებსა და მხარდამჭერებს მაქსიმალური მოთმინებისა და თავშეკავებისაკენ.

დესტრუქციული სცენარის მნიშვნელოვან მონაწილეებად განიხილებიან რადიკალური ოპოზიციის საკუთრებაში არსებული რადიკალური პარტიული ტელევიზიები – „მთავარი არხი“ და „ტვ პირველი“. მაგალითისთვის, გუშინ შედგა საუბარი „ტვ პირველის“ ჟურნალისტს, ნატო გოგელიასა და ნაცმოძრაობის ოზურგეთის ორგანიზაციის ლიდერს, ბესო ქათამაძეს შორის, რა დროსაც მხარდაჭერის მიზნით გოგელიამ ქათამაძეს მოსთხოვა ინფორმაცია იმ უბნების შესახებ, სადაც, ვციტირებ,, „აპირებენ ხმაურს და არეულობას“, რაზეც მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხმაური და არეულობა იგეგმება ნასაკირალსა და ჭანიეთში. დესტრუქციულ გეგმებში პარტიული ტელევიზიების თანამონაწილეობა განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს.”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად