ირაკლი კობახიძე: ნიკა მელია აიღებს სულ მცირე ორჯერ ნაკლებ ხმას, ვიდრე კახა კალაძე, გახარია კი სულ მცირე ორჯერ ნაკლებს, ვიდრე მელია

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად მოიგებს არჩევნებს.

როგორც ირაკლი კობახიძემ გადაცემაში “დღის თემა” განაცხადა, „ქართული ოცნება“ დღეს არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ხალხს მათ საჭიროებებზე ესუბრება, ოპოზიციიდან კი არავის პროგრამა არ აქვს წარმოდგენილი არც თბილისში და არც რეგიონებში.

„ყოვლად უინტერესო ინფორმაციებს როცა აქვეყნებენ და თვითონვე საუბრობენ ერთმანეთში იმაზე, რომ ეფექტი არ ჰქონდა მათ რაღაცა ქმედებებს, ტყუილ-მართალი რაღაცა გაავრცელეს, ყველაფერი იყო უინტერესო. თვითონვე საუბრობენ, რომ რა ეფექტთან დაკავშირებითაც ჰქონდათ მოლოდინი, იმის მეასედი და მეათასედიც ვერ მიიღეს. რაც შეეხება თავად არჩევნების შედეგებს, რა განაპირობებს იმას, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად მოიგებს ამ არჩევნებს, მიზეზი მარტივია – „ქართული ოცნება“ დღეს არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ხალხს ელაპარაკება იმაზე, რაც სჭირდება მათ, ვსაუბრობთ თბილისის განვითარებაზე, მუნიციპალიტეტების განვითარებაზე, რეგიონების გამვითარებაზე, თითოეული მუნიციპალიტეტისთვის გვაქვს წარმოდგენილი პროგრამა. ჩვენი კანდიდატები, თბილისში, რეგიონებში, თითოეულ მუნიციპალიტეტში ხვდებიან სოფელ-სოფელ, უბან-უბან, ქალაქ-ქალაქ, ესაუბრებიან მათ იმასთან დაკავშირებით, როგორ წარმოუდგენიათ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში განვითარება. რაც შეეხება ოპოზიციას, რადიკალურს, არარადიკალურს, ყველას ერთად, არავინ არ ხვდება ხალხს, არავის საერთოდ პროგრამა არ აქვს წარმოდგენილი არც თბილისში, არც რეგიონებში. ეს არის მთავარი მიზეზი, რომელიც საბოლოო ჯამში განაპირობებს ჩვენთვის დადებით შედეგს. კიდევ ერთი ფაქტორი არის ისევ და ისევ ის, რომ ყველას ძალიან კარგად ახსოვს, რა არის „ნაციონალური მოძრაობა“, ყველა კარგად ხედავს, რომ ამ პოლიტიკურ პარტიასთან ალიანსში არიან კონკეეტული სხვა პოლიტიკური დაჯგუფებები და ა.შ. არავის არ უნდა დესტაბილიზაცია, ქაოსი, იმ მძიმე წარსულის დაბრუნება, რაც გვახსოვს 2012 წლამდე და ა.შ. ეს პოლიტიკური ძალები და ეს რევანში ბუნებრივია, საზოგადოებას არ უნდა. ეს ყველაფერი გახდება იმის წინაპირობა, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად მოიგებს ამ არჩევნებს. კიდევ ერთეხელ გავიმეორებ, მხოლოდ ჩვენ ვესაუბრებით საზოგადოებას იმაზე, თუ როგორ ვხედავთ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარებას, არავინ საუბრობს ამაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ .

დასმულ კითხვაზე, „თბილიის მერობისთვის საარჩევნო მარათონში გახარიას ჩართვის შემდეგ ცალსახად გამორიცხავთ დედაქალაქში მეორე ტურს?“, – ირაკლი კობახიძემ უპასუხა: ნიკა მელია აიღებს სულ მცირე ორჯერ ნაკლებ ხმას, ვიდრე კახა კალაძე, გახარია კი სულ მცირე ორჯერ ნაკლებს, ვიდრე მელია.

„ისევ „ნაცმოძრაობის“ ჭანჭიკზე მისვამთ კითხვას. კიდევ ერთხელ შემიძლია, ციფრებთან დაკავშირებით კონკრეტული რამ გითხრათ. რაც შეეხება მეორე ადგილზე გამსვლელ კანდიდატს, ნიკანორ მელიას, ის აიღებს მინიმუმ ორჯერ ნაკლებ ხმას, ვიდრე კახა კალაძე, რაც შეეხება ჭანჭიკს, გახარიას, ის აიღებს მინიმუმ ორჯერ ნაკლებ ხმას, ვიდრე ნიკანორ მელია, ეს არის ჩემი პროგნოზი, რომელზეც ჩვენ უკვე შეგვიძლია, 3 ოქტომბერს ვისუაბროთ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები
იტვირთება...