ირაკლი კობახიძე: “ნაციონალური მოძრაობის” არცერთ აქციას არ აქვს წარმატების პერსპექტივა

ამის შესახებ  პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ხორავას ქუჩაზე მოკლული თბილისის №51 სკოლის მოსწავლის დავით სარალიძის  საქმესთან დაანონსებულ აქციებთან დაკავშირებით საუბრისას ტელეკომპანია "იმედთან" განაცხადა.

​ 

„დღესაც ვხედავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამზადებს იმ აქციებს, რომელიც უნდა დაიწყოს ორშაბათიდან და მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ არცერთ აქციას არ აქვს წარმატების პერსპექტივა. ჭეშმარიტების დადგენის სურვილი გვაქვს თითოეულ ჩვენგანს, მაგრამ რაც შეეხება ამ აქციებს და მის პოლიტიკურ ფონს, ესეც არის ყველასთვის ნათელი. ამაზეა საუბარი და მეტი არაფერზე. წარმატებული ვერ იქნება ნაცმოძრაობის ვერცერთი აქცია, ეს შეიძლება დაბეჯითებით ითქვას. ჩვენ ამ ერთი წლის განმავლობაში რამდენჯერმე ვნახეთ ნიკა გვარამიას გაფითრებული სახე და კიდევ ერთხელ ვნახავთ მის გაფითრებულ სახეს“,- განაცხადა პარლამნეტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით მუდმივად ისმეოდა სამი კითხვა, რომლებზეც დროებითმა საგამოძიებო კომისიამ პასუხი გასცა. 

„როდესაც საუბარი იყო საეჭვო გარემოებებზე, იქ ძირითადად საუბარი იყო 3 თემაზე. ერთი იყო, რატომ დაირღვა ფარდული, ამაზე კომისიამ შეისწავლა გარემოებები და დაადგინა, რომ ფარდულის დანგრევას არანაირი კავშირი არ ჰქონდა ამ საქმის გამოძიებასთან. ეს ერთი. გახსოვთ თქვენ რამხელა აჟიოტაჟი მოჰყვა ფარდულის საქმეს. მეორე, რატომ იყო გაღუნული დანა. ამაზეც კომისიას ჰქონდა შესაბამისი ინფორმაცია და დადგინდა, რომ მიკროდეფორმაცია განიცადა დანამ, რაც არის ჩვეულებრივი მოვლენა ექსპერიმენტის დროს ანუ ესეც იყო თითიდან გამოწოვილი თემა. და მესამე, რატომ არ იყო დაკავებული მირზა სუბელიანი. მირზა სუბელიანი დღეს არის წინასწარ პატიმრობაში, და ამას არანაირი გავლენა არ მოუხდენია საბოლოო ჯამში საქმის გახსნაზე. ანუ იყო სამი თითიდან გამოწოვილი თემა და ესეც დადგინდა რეალურად კომისიის მუშაობის საფუძველზე. ჩვენი ამოცანა არის ჭეშმარიტების დადგენა, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, ეს პროცესი არ დასრულებულა. სამწუხაროდ, იცით თქვენ, რომ როცა საქმე ეხება არასრულწლოვნებს, იქ არის ვადებში ძალიან შეზღუდული გამოძიება ერთთვიანი ვადა ჰქონდა მიცემული საგამოძიებო ორგანოებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურას და ამანაც, რა თქმა უნდა, დაბრკოლებები შეუქმნა ჭეშმარიტების დადგენას, თუმცა გრძელდება გამოძიება და იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში სრულად დადგინდება ჭეშმარიტება ამ საქმესთან დაკავშირებით. რაც შეეხება აქციებს, ერთი რაუნდი ამ აქციების ჩვენ უკვე ვიხილეთ. თქვენ გახსოვთ მაშინ როგორ წარიმართა მოვლენები, რეალური ემოციური ფონი, რეალური მუხტი საზოგადოებაში, თუმცა, შემდეგ ეს ყველაფერი გადაიზარდა პოლიტიკურ აქციებში“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მთავარია დადგინდეს ჭეშმარიტება და იმედი გამოთქვა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულს ნათელი მოეფინება.

„ჩვენთვის მთავარია ჭეშმარიტების დადგენა. უბრალოდ, ვსაუბრობთ იმაზე, რომ აშკარად არსებობს ობიექტური გარემოებები, რომლებიც ხელს უშლის ჭეშმარიტების დადგენას. თუმცა ამის მიუხედავად, ჩვენ გვაქვს იმედი, რომ გამოძიების კვალდაკვალ მაინც მოხერხდება სრულად ნათელის მოფენა იმ საქმისთვის, რომელზეც გვაქვს საუბარი“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...