ირაკლი კობახიძე: მეორე ტურში “ოცნების“ 17-ვე კანდიდატმა მოიპოვა სადეპუტატო მანდატები

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში “ქართული ოცნების”17-ვე კანდიდატმა მოიპოვა სადეპუტატო მანდატები.

“ჩვენ გვაქვს კენჭისყრის წინასწარი მონაცემები. როგორც მოსალოდნელი იყო, „ქართული ოცნების“ 17-ვე კანდიდატმა მოიპოვა სადეპუტატო მანდატები.
შესაბამისად, მომავალ პარლამენტში „ქართული ოცნება“ 90 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.
ოპოზიციურ პარტიებსა და ბლოკებს შორის კი, მანდატები შემდეგი სახით განაწილდება:
– ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 36 მანდატი;
– ევროპული საქართველო – 5 მანდატი;
– ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი, პატრიოტთა ალიანსი და გირჩი – 4-4 მანდატი;
– მოქალაქეები – 2 მანდატი;
– ლეიბორისტული პარტია – 1 მანდატი.
შედეგად, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით შეთანხმებული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, ჩამოყალიბდა მრავალპარტიული პარლამენტი, სადაც წარმოდგენილია 9 პოლიტიკური სუბიექტი და სადაც მმართველი პარტია არ ფლობს ჭარბ უმრავლესობას.
ეს არის უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი ქართული დემოკრატიის განვითარების გზაზე.
დარწმუნებული ვართ, ახალი, მრავალპარტიული პარლამენტი გახდება საუკეთესო პლატფორმა პოლიტიკური დებატებისთვის ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. მომავალი პარლამენტი უნდა გახდეს უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული ინსტრუმენტი იმ ეკონომიკურ და სოციალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში გლობალურმა პანდემიამ შექმნა.
თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მინდა მივულოცო საპარლამენტო არჩევნების წარმატებით დასრულება.
რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ჩვენს მხარდამჭერებს გამოცხადებული ნდობისთვის. ამ ნდობის გასამართლებლად „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს. მოგვიანებით გაგაცნობთ მეორე ტურის დაზუსტებულ შედეგებს.”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად