ირაკლი კობახიძე: მათი დამოკიდებულება არის მარტივი – არის ცუდი, სუსტი ოპოზიცია, მაგრამ ეს არის დღეს ოპოზიცია და უნდა შეინარჩუნოთ

ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

„არის გარკვეული ლოგიკა, რომელიც იკვეთება ჩვენი მეგობრების, ევროპარლამენტარების და კონგრესმენების საუბრებიდან. ისინი ხედავენ, რომ ხელისუფლება დღეს არის ძლიერი და ამ სიძლიერეში იგულისხმება ხალხის მხარდაჭერა. მათ იციან, რომ ჩვენ გვიმაგრებს ზურგს ხალხის ძალა, ისინი ასევე ხედავენ, რომ ოპოზიცია არის უკიდურესად სუსტი ამ ვითარებაში. შესაბამისად, მათი პოზიცია არის ასეთი, რომ კი, ყველაფერი იციან ოპოზიციის შესახებ, პრორუსული პარტიების შესახებ, განსაკუთრებით, ნაცმოძრაობის შესახებ, იციან მისი წარსულის შესახებ, თუმცა მათი დამოკიდებულება არის მარტივი, რაც შეიძლება ერთი შეხედვით ცოტა მძიმე მოსასმენი იყოს, რომ კი ბატონო, არის ცუდი ოპოზიცია, არის სუსტი ოპოზიცია, მაგრამ ეს არის დღეს ოპოზიცია და აქედან გამომდინარე, ეს სუსტი ოპოზიცია უნდა შეინარჩუნოთ. ცოტა უცნაური მოსასმენია ეს პოზიცია, მაგრამ ეს პოზიცია ფიქსირდება ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მეგობრების მხრიდან“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, განცხადებებს შორის, რომელიც სენატორების და ევროპარლამენტარების მხრიდან კეთდება გარკვეული ზღვარია გასავლები.

„არის სხვადასხვა ტიპის განცხადებები და სხვადასხვა ტიპის საფუძველი აქვს ამ განცხადებებს. მათ შორის არის განცხადებები, რომელიც პირდაპირ ფინანსდება ლობისტური არხით. მაგალითად იცით, რომ ერთ-ერთი ამერიკული კომპანია, რომელსაც აქვს პრობლემები თავისი მიზეზით, აქტიურობს ამერიკის კონგრესში, და ისინი არა მარტო წელს, წინა წლებშიც ახდენდნენ დოკუმენტების ინიცირებას ლობისტების მეშვეობით, რომელიც რაღაცნაირად უპირისპირდებოდა ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს. თუმცა, არის გარკვეული პოზიციები, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს სხვა საფუძველი. ვგულისხმობ როგორც კონგრესმენებს, ასევე ევროპარლამენტარებს და ამაში ჩვენ დავრწმუნდით, როცა გვქონდა შეხვედრები კონგრესმენებთან და შემდეგ ევროპარლამენტარებთან“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად