ირაკლი კობახიძე: მანიპულაცია რომ გამოირიცხოს, საარჩევნო კოდექსით წინასწარ იქნება განსაზღვრული მეორე ტურის ჩატარების ვადა

 ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე საარჩევნო ცვლილებებზე კანონპროექტის წარდგენისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებული საკითხების რეგულაციაზე საუბრისას აღნიშნა, ეუთო/ოდირის რეკომენდაცია იყო, რომ უფრო მკაფიოდ ყოფილიყო აღნიშნული საკითხები მოწესრიგებული.

„ვადები დგინდება მკაფიოდ. მაგალითად, საპარლამენტო არჩევნებისთვის სამი კვირის თავზე ტარდება არჩევნების მეორე ტური, ანუ 31 ოქტომბერს ჩატარდება პირველი ტური, 21 ნოემბერს ჩატარდება მეორე ტური. მანიპულაცია რომ გამოირიცხოს, წინასწარ საარჩევნო კოდექსით იქნება განსაზღვრული მეორე ტურის ჩატარების ვადა, ასევე – მეორე ტურთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებები. ტარიფის დადგენა მეორე ტურისთვის მხოლოდ ერთხელ იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც სხდომაზე ირაკლი კობახიძემ განმარტა,  მნიშვნელოვანი რეგულაცია იქნება უფასო საეთერო დროსთან დაკავშირებით.

„ეს საკითხი არ იყო სათანადოდ მოწესრიგებული საარჩევნო კოდექსით. გვაქვს ახალი ნორმა, რომლის მიხედვითაც, უფასო საეთერო დრო მეორე ტურის შემთხვევაში გამოიყოფა ზუსტად იმ პროპორციით რა პროპორციითაც გაიყვანეს საარჩევნო სუბიექტებმა თავიანთი კანდიდატები. მაგალითად, თუ 10 კანდიდატი არის გადასული პირობითად მეორე ტურში, ამ შემთხვევაში, ამ დროის მეათედს მიიღებენ შესაბამისი საარჩევნო სუბიექტები, მათ შორის თუ არის დამოუკიდებელი კანდიდატი. თუნდაც ის არ ყოფილიყო პირველ ტურში მიჩნეული კვალიფიციურ სუბიექტად, ამ შემთხვევაში მას მიეცემა საეთერო ბადეში უფასო საეთერო დროის 10 %, რაც არის ასევე მნიშვნელოვანი ახალი რეგულაცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად