ირაკლი კობახიძე: კოვიდის ფონდში “ნაციონალური მოძრაობის” კლასტერის ერთმა დეპუტატმა ჩარიცხა თანხა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილ ფონდში თანხა „ნაციონალური მოძრაობის“ მხოლოდ ერთმა წარმომადგენელმა ჩარიცხა.

ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„ვიდრე ამ 3 თვის განმავლობაში ოპოზიციის უსაგნო კრიტიკას ვისმენდით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა საკუთარი სახსრები გაიღეს კრიზისთან საბრძოლველად. შეგახსენებთ, რომ პარტიის თავმჯდომარემ გაიღო 100 მლნ ლარი და კოვიდის ფონდში ჩარიცხა. დეპუტატებმა შესწირეს საკუთარი რამდენიმე თვის ხელფასის 1/3 კოვიდის ფონდს. გახსოვთ, რომ ეს 100 მილიონიც კი ქილიკის საგანი გახადეს და ეჭვქვეშ დააყენეს ეს ყველაფერი იმ ფონზე, როდესაც მე გადავამოწმე და ერთი დეპუტატია „ნაციონალური მოძრაობის“ „კლასტერიდან“, რომელმაც კოვიდის ფონდში ჩარიცხა თანხა. კეთილი გენებათ და თქვენ გამოგეჩინათ საკუთარი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად