ირაკლი კობახიძე: კონსტიტუციის მიღებიდან 100 წლის თავზე საქართველოს აქვს უმაღლესი ევროპული სტანდარტის კონსტიტუცია

„დღეს, საქართველოს შეუძლია სიამაყით განაცხადოს, რომ პირველი ქართული კონსტიტუციის მიღებიდან 100 წლის თავზე, ქვეყანას აქვს უმაღლესი ევროპული სტანდარტის კონსტიტუცია – მოქმედი რედაქცია დამატებით განამტკიცებს ჩვენი ქვეყნისა და ხელისუფლების ამბიციას, 2024 წელს შეიტანოს ოფიციალური განაცხადი ევროკავშირში საქართველოს სრულუფლებიან წევრობაზე“,-ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ზუსტად 100 წლის წინ, პირველი რესპუბლიკის დამფუძნებლებმა, კონსტიტუციის სახით, ქვეყანას უძვირფასესი სამართლებრივი და კულტურული მემკვიდრეობა დაუტოვეს. „პირველი ქართული კონსტიტუცია იყო უაღრესად დახვეწილი და პროგრესული დოკუმენტი, რომელშიც ფართოდ იყო ასახული მაშინდელი ცივილიზებული სამყაროს ღირებულებები და სამართლებრივი აზროვნების მიღწევები. დღეს ჩვენ ქედი უნდა მოვიხაროთ თითოეული იმ ადამიანის წინაშე, რომელიც პირველი ქართული კონსტიტუციის შექმნაში იღებდა მონაწილეობას“,-განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.

თქმით, 70-წლიანი კომუნისტური დიქტატურის შემდეგ, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად, საფუძველი დაედო თანამედროვე ქართული კონსტიტუციონალიზმის განვითარებას და 1991 წლიდან, საქართველომ კონსტიტუციონალიზმის განვითარების უაღრესად რთული და წინააღმდეგობებით აღსავსე გზა განვლო.  ირაკლი კობახიძემ აღნიშნა ისიც, რომ 1991-2018 წლებში, ხუთჯერ შეიცვალა სახელმწიფო მმართველობის სისტემა. უმრავლესობის ლიდერის თქმით, 1995-2012 წლებში საქართველოს კონსტიტუციაში 30-ზე მეტი ცვლილება შევიდა, რომელთა უმეტესობა სუბიექტური პოლიტიკური ინტერესებით იყო ნაკარნახევი.

„კონსტიტუციის სუბიექტურ ინტერესებზე მორგება, აღნიშნული წლების მანძილზე, სამწუხაროდ, ფართოდ დამკვიდრებულ პრაქტიკად იქცა, რამაც ქართული სახელმწიფოებრიობისა და დემოკრატიული სისტემის განვითარებას უმძიმესი დაღი დაასვა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, კონსტიტუციის რეფორმირების საკითხი 2013 წელს დადგა დღის წესრიგში, შეიქმნა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, თუმცა,  სუბიექტურ მიზეზთა გამო, კომისიის სამწლიანი მუშაობა სრულიად წარუმატებლად დასრულდა.

„2017 წელს ხელახლა შეიქმნა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, რომელმაც საქართველოში ევროპული ტიპის საპარლამენტო დემოკრატიის დამკვიდრება დაისახა მიზნად. საკონსტიტუციო რეფორმა სერიოზული წინააღმდეგობებით იყო აღსავსე, რასაც სხვადასხვა კონსტიტუციური ორგანოს, პოლიტიკური პარტიის თუ საზოგადოებრივი ჯგუფის რადიკალურად განსხვავებული ინტერესები განაპირობებდა. ამ ვითარებაში, საკონსტიტუციო რეფორმის ბოლომდე მიყვანა უაღრესად რთული ამოცანა იყო. თუმცა, მიზანდასახულობამ და პოლიტიკურმა ლავირებამ საქართველოს კონსტიტუციის ფუნდამენტური გადასინჯვა შესაძლებელი გახადა“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ შედეგად, საქართველოს კონსტიტუცია თვისებრივად დაიხვეწა როგორც შინაარსობრივი, ისე იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით. უმრავლესობის ლიდერის განმარტებით, საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად, ამოქმედდა ევროპული ტიპის საპარლამენტო მმართველობის სისტემა, რომელიც სრულ შესაბამისობაშია საპარლამენტო დემოკრატიის უმაღლეს ევროპულ სტანდარტებთან.

„მეამაყება, რომ ვიყავი იმ პარლამენტისა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე, რომელმაც ამ მიზნების მიღწევა შესაძლებელი გახადა. ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთხელ გადავუხდი მადლობას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს, საქართველოს პარლამენტის ბიუროს, თითოეულ ჩემს კოლეგას თავისუფლების საპარლამენტო ორდენისთვის, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის ავტორობისთვის მომენიჭა“,- მიმართა შეკრებილებს ირაკლი კობახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მოქმედი, დემოკრატიული კონსტიტუციის სტაბილურობის უზრუნველყოფა თითოეული ჩვენგანის ვალია. ირაკლი კობახიძემ განაცხადა ისიც, რომ გამართული და სტაბილური კონსტიტუცია აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა სახელმწიფოში სტაბილური დემოკრატიული წესრიგის განმტკიცებისთვის.

„უამრავ იურისტს თუ არა იურისტს აქვს სურვილი, შეეხოს კონსტიტუციას და მონაწილეობა მიიღოს მისი თუნდაც ერთი ნორმის ჩამოყალიბებაში. გარდა ამისა, პოლიტიკური პროცესების განვითარების კვალდაკვალ, მუდმივად იჩენს თავს სუბიექტური პოლიტიკური ინტერესებით კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის სურვილი. კონსტიტუციის გადასინჯვის ცდუნება, ბუნებრივია, მნიშვნელოვან რისკებს უქმნის მის სტაბილურობას, რაც მუდმივი ყურადღების საგანი უნდა იყოს.

ამასთან, უსათუოდ უნდა აღინიშნოს, რომ გამართული და სტაბილური კონსტიტუცია არის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობა სახელმწიფოში სტაბილური დემოკრატიული წესრიგის განმტკიცებისათვის. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს არა მხოლოდ კონსტიტუციური საფუძველი, არამედ პრაქტიკული შესაძლებლობაც, იზრუნოს ქვეყანაში სამართლებრივი სახელმწიფოს და სამართლის უზენაესობის პრინციპების რეალიზებაზე, ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების დაცვასა და განმტკიცებაზე“,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას უმრავლესობის ლიდერმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...