ირაკლი კობახიძე: იმედი გვაქვს, რომ “კოვიდ 19”  31 ოქტომბერს არჩევნების ჩატარებაში ხელს არ შეგვიშლის

„დღევანდელი შეხვედრის „დემოკრატიული არჩევნების გამართვა პანდემიის ფონზე”- ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან წელს ტარდება არჩევნები“.

განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე.

„პირველ რიგში, მსურს მივესალმო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეს, ვენეციის კომისიის ექსპერტებს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, საქართველოს პარლამენტის წევრებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და ბატონ ამირან გამყრელიძეს, რომელმაც თვეების განმავლობაში უდიდესი როლი შეასრულა კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. ბატონო პრეზიდენტო, მსურს მადლობა გადაგიხადოთ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივისთვის. მიუხედავად კოვიდ 19-თან დაკავშირებული პრობლემებისა თქვენ მაქსიმუმს აკეთებთ იმისთვის, რომ უზრუნველგეყოთ საპარლამენტო ასამბლეების ჩატარება და ფუნქციონირება“, – მიმართა ირაკლი კობახიძემ შეხვედრაში ონლაინ მონაწილეებს.

მან პარლამენტში არჩევნებთან დაკავშირებით განხორციელებული სიახლეები გააცნო აუდიტორიას.

„ორშაბათს მესამე მოსმენით წარმატებით მივიღეთ კონსტიტუციური ცვლილებები, რის შედეგადაც საქართველოში დამკვიდრდება პროპორციული არჩევნები. ჩვენ ასევე დავასრულეთ საარჩევნო კოდექსის ცვლილება სწორედ ოდირის რეკომენდაციებთან შესაბამისობაში. ეს წინ გადადგმული ნაბიჯები ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის იმისთვის, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩავატაროთ. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ კოვიდ 19 მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს არჩევნების ჩატარებაში ხელს არ შეგვიშლის და არ წარმოქმნის დაბრკოლებებს“, -აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. მან ყურადღება გაამახვილა კოვიდ 19-თან მიმართებაში საქართველოს საუკეთესო სტატისტიკურ მაჩვენებლებზე ევროსაბჭოს 48 ქვეყანას შორის. „ჩვენ ყველაზე დაბალი მონაცემებით გამოვირჩევით. აქტიური ქეისების რაოდენობა 107-ია, რაც ევროსაბჭოს ქვეყნებში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, ასეთი სიტუაცია ჩვენ საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ არჩევნების ჩატარება შესაძლებელი იქნება. მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველა ზომას ვიღებთ იმისთვის, რომ კოვიდ 19-მა ხელი არ შეგვიშალოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაში. ჩვენ ამ საკითხის გამო, ასევე მივიღეთ სპეციალური საკანონმდებლო რეგულაციები, მაგრამ კიდევ უნდა გადავდგათ ნაბიჯები იმისთვის, რომ შევძლოთ გამოწვევებთან გამკლავება. დღევანდელი დისკუსია იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან მოვისმენთ სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებებს და ვენიციის კომისიის ექსპერტების რეკომენდაციებს, რომელსაც მოუთმენლად ველოდებით“, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად