ირაკლი კობახიძე: გვაქვს საშუალება, რომ არ გამოვაცხადოთ საგანგებო მდგომარეობა და  საფრთხის ქვეშ არ დავაყენოთ არჩევნები

“ამ კანონის მოქმედების ვადის გაგრძელება არ შეიცავს არავითარ რისკებს, ამაზე საუბარიც ზედმეტია, მათ შორის, ადამიანის უფლებების არაკონსტიტუციური შეზღუდვის კუთხით და მეორე მხრივ, ამ კანონის მოქმედების ვადის გაგრძელება აუცილებელია, რათა ეფექტიანად განვაგრძოთ აქამდე ეფექტიანად წარმოებული ბრძოლა პანდემიის წინააღმდეგ.”

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის  წევრმა ირაკლი კობახიძემ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც კანონპროექტზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მსჯელობენ.

კანონპროექტი 2020 წლის 15 ივლისამდე გასატარებელი დროებითი ღონისძიებების მოქმედების ვადის 2021 წლის 1 იანვრამდე გაგრძელებას ითვალისწინებს.

„ჩვენ მოვისმინეთ არაერთი სპეკულაციური და დემაგოგიური განცხადება, მარტიდან მოყოლებული, არა მარტო ამ კანონთან დაკავშირებით თავის დროზე, არამედ მარტიდან მოყოლებული, როდესაც მიიღებოდა სხვადასხვა ტიპის ზომები პანდემიასთან საბრძოლველად. თქვენ გახსოვთ, რომ ოპოზიციის კრიტიკის ქვეშ იყო აბსოლუტურად ყველა ზომა, რომელიც იქნა მიღებული პანდემიის წინააღმდეგ და ბოლოს როგორც გაირკვა, თითოეული ეს ზომა აღმოჩნდა არა მარტო ეფექტიანი, არამედ აუცილებელიც იმისთვის, რომ ჩვენ მიგვეღწია იმ შედეგისთვის, რასაც მივაღწიეთ და ეს შედეგი არის ის, რომ საქართველო დღეს არის ერთგვარი მწვანე კუნძული როგორც რეგიონში, ასევე ევროპაში და მსოფლიო მასშტაბითაც კი, ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მონაცემები პანდემიასთან ბრძოლის კუთხით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მიღწეული შედეგების შენარჩუნება მმართველი გუნდისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია.

„ძალიან მნიშვნელოვანია იმ მინიმალური შეზღუდვების ძალაში დატოვება, რომელსაც ეს კანონი ითვალისწინებს. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება უკიდურესი ზომაა. ამ შემთხვევაში, გვაქვს იმის საშუალება, რომ არ გამოვაცხადოთ საგანგებო მდგომარეობა, შესაბამისად, მათ შორის, საფრთხის ქვეშ არ დავაყენოთ ის არჩევნები, რომელიც უნდა ჩატარდეს 31 ოქტომბერს და შედარებით რბილი ზომებით, რომელსაც ითვალისწინებს ეს კანონი, ჩვენ შეგვიძლია, განვაგრძოთ პანდემიასთან ეფექტური ბრძოლა და შევინარჩუნოთ ის ვითარება, რომელიც დღესაც არის ჩამოყალიბებული“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ოპონენტების მხრიდან იყო სპეკულაციური და დემაგოგიური განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული კანონით საქართველოში 15 ივლისამდე დიქტატურა მყარდებოდა. დეპუტატის თქმით, ეს სრული აბსურდი და ნონსენსია.

„ნახეთ, რომ 15 ივლისამდე საქართველოში არავითარი დიქტატურა არ დამყარებულა და უფრო მეტიც, შეგახსენებთ, რომ ვერავინ ვერ ახსენებს ვერცერთ შემთხვევას, ერთ შემთხვევასაც კი, სადაც ამ კანონის საფუძველზე ვინმეს ადამიანის ძირითადი უფლება არაკონსტიტუციურად შეეზღუდა. ასეთი არცერთი შემთხვევა არ არსებობს, ყველა შემთხვევა იყო აბსოლუტურად რაციონალური და აუცილებელი იმისთვის, რომ ჩვენ მიგვეღწია ამ კანონით დადგენილი შეზღუდვის ლეგიტიმური მიზნისთვის. შესაბამისად, ამ კანონის მოქმედების ვადის გაგრძელება არ შეიცავს არავითარ რისკებს, ამაზე საუბარიც ზედმეტია“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად