გამარჯვებულ პარტიას არაფერში არ სჭირდება პოლარიზაცია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე, რომ ოპოზიციის თქმით, პოლარიზაციას ყველაზე მეტად „ქართული ოცნება“ აღრმავებს.

მისი თქმით, პარტია, როდესაც არჩევნებს იგებს, მას აქვს არა მხოლოდ რაღაც ობიექტური ინტერესი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მას აქვს სუბიექტური ინტერესი, რომ ოთხი წელი მშვიდად მართოს ქვეყანა.

„გეტყვით ახლა, როგორ არის საქმე. არაერთხელ მითქვამს, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, როდესაც გამარჯვებული პარტია არჩევნებს იგებს, მას აქვს არა მხოლოდ რაღაც ობიექტური ინტერესი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მას აქვს სუბიექტური ინტერესი, რომ ოთხი წელი მშვიდად მართოს ქვეყანა. ეს არის სუბიექტური ინტერესი. არაფერში არ სჭირდება გამარჯვებულ პარტიას პოლარიზაცია. გაიხსენეთ, როგორ წარიმართა პროცესები საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. არც ცნობდნენ არჩევნებს, გვაბრალებდნენ არჩევნების გაყალბებას. ხომ დავუმტკიცეთ, რომ თვითონ ხმების პარალელური დათვლა (PVT) გააყალბეს და ათასი რაღაც გააკეთეს, ხომ?! მაგრამ თვითონ არ ცნობდნენ ჩვენს ლეგიტიმაციას. შემდეგ გამუდმებული საუბარი, რომ 2011 წლიდან მოყოლებული ეს ადამიანები საუბრობენ, რომ ჩვენ რუსეთისკენ მივაქანებთ ამ ქვეყანას. ამ პერიოდში ასოცირების შეთანხმებასაც მოვაწერეთ ხელი, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასაც მოვაწერეთ ხელი, ვიზალიბერალიზაციაც მივიღეთ. დღედღეზე კანდიდატის სტატუსს ვიღებთ და მაინც რუსეთისკენ მივაქანებთ ამ ქვეყანას და ახლა ამას როგორ არ უნდა გასცე პასუხი. ყველაფერი ხომ იქიდან იწყება – არჩევნების არცნობა, ჩვენი საგარეო ლეგიტიმაციის არცნობა, სიარული კაბინეტებში და ლაპარაკი, რომ უნდა დავსანქცირდეთ. ამას ხომ ოპოზიცია აკეთებს. ახლა როგორ შეიძლება, პასუხი არ გავცეთ, თან ვის? „ნაცმოძრაობას“, რომელსაც უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი და ბოლობოლო რუსეთს გადასცეს ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი. ეს რომ გეძახის შენ რუსულ პარტიას, ამას პასუხი სჭირდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები სინამდვილეში ერთ პოლიტიკურ ძალას, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ წარმოადგენენ.

„სამადაშვილი იყო „ნაცმოძრაობის“ ელჩი, შემდეგ „ნაცმოძრაობის“ პარტიული სიით შემოვიდა პარლამენტში. ვაშაძე იყო ადეიშვილის მოადგილე და „ნაცმოძრაობის“ დეპუტატი. შემდეგ თავისი პირადი ამბიციები აწუხებდა და მაგიტომ გამოეყო, ახლა ისევ უკან დაბრუნდა. ყველა – სამადაშვილიც, ვაშაძეც, ხაზარაძეც, გახარიაც „ნაცმოძრაობა“ არიან, ყველა გახდა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. ზოგი იყო, ზოგი გახდა. სინამდვილეში ყველა ერთი პოლიტიკური ძალაა. მათ აქვთ ერთი საერთო ფუნდამენტი, რომელიც მორღვეულია, მაგრამ მაინც საერთოა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.