ირაკლი კობახიძე: ე.წ. კონსილიუმი თავად არის ფეიკი და ავრცელებს ფეიკებს ტიკარაძის განცხადებაზე

ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, სადაც გამოეხმაურა სახალხო დამცველის მიერ შექმნილ ჯგუფის ერთ-ერთი წევრის ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადებას და განმარტა, რომ კონსილიუმმა ტყუილი გაავრცელა.

„გუშინაც გვიანობამდე მქონდა ეკა ტიკარაძესთან კომუნიკაცია. მას აქვს მკაფიო პოზიცია. რაც შეეხება ე.წ. კონსილიუმს, რომელმაც განსხვავებული ინფორმაცია გაავრცელა, აქედანაც ჩანს, რომ ე.წ. კონსილიუმი თავად არის ფეიკი და ავრცელებს ფეიკებს ტიკარაძის განცხადებაზე, ტყუილი გაავრცელეს. ეს არის ფეიკი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მსოფლიო ისტორიაში არ მომხდარა, რომ ადამიანი შიმშილობს უკეთესი მკურნალობის მოთხოვნით.

„შიმშილობა გულისხმობს იმას, რომ ყველაფერზე მიდიხარ და სააკაშვილი შიმშილობს, რომ ჰქონდეს შიმშილობის საფუძველზე უკეთესი მკურნალობა. ეს არის საბაბი, მსოფლიო ისტორიაში პირველი მოვლენა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ აბსურდის თეატრში. ადამიანი შიმშილობს, რომ შიმშილობის შემდეგ ჰქონდეს უკეთესი მკურნალობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, ექიმმა, გიორგი გრიგოლიამ ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ეკატერინე ტიკარაძის პოზიცია არის ისეთივე, როგორც ნებისმიერი ექიმის, ის იქცეოდა როგორც ექიმი და არა როგორც პოლიტიკური მოღვაწე. მისივე თქმით, „ტიკარაძე დაეთანხმა ყველა არგუმენტს, რაც შეხვედრაზე იყო იქ ნათქვამი“.

კომენტარები
იტვირთება...