ამ დღეების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ სალომე ზურაბიშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების გაცხოველებული შეხვედრები. ძალიან საცოდავი სანახავები იყვნენ სალომე ზურაბიშვილი „ნაცმოძრაობასთან“ ერთად და „ნაცმოძრაობა“ სალომე ზურაბიშვილთან ერთად, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, წარმოუდგენელია ღირსებაზე უარის თქმა ასეთი ფორმით და ამ მასშტაბით.

„სალომე ზურაბიშვილისგანაც კი გამიკვირდა, რომ ასე შეძლებდა საკუთარი ღირსების დათმობას. კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მოიცავს რამდენიმე პარტიას, ტელევიზიებს, კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მათთან ჰქონდა სალომე ზურაბიშვილს „შესანიშნავი“ შეხვედრა. მართლა სამარცხვინო იყო. წარმოიდგინეთ, ერთ მხარეს იყო ზურაბიშვილი, მეორე მხარეს ადამიანები, რომლებიც პირდაპირი გაგებით ხან აგინებდნენ, ხან უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ, სამარცხვინო ეპიტეთებით მოიხსენიებდნენ, დღეს კი, სალომე ზურაბიშვილი ხვდება ამ ადამიანებს. ამას აკეთებს იმის ხარჯზე, რომ საკუთარ ამომრჩეველს ჰკრავს ხელს. ეს არის მართლა ღირსებასთან დაპირისპირება, რაც უბრალოდ სამარცხვინოა. დაახლოებით ათი კაცი სალომე ზურაბიშვილს კოლექტიურად აგინებდა. 2018 წელს ყველაფერი აკადრეს, რისი კადრებაც შეიძლებოდა და მერეც არ დააკლეს. ამის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი ეგებება ამ ადამიანებს, რადგან ის გახდა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. ეს ხომ სამარცხვინოა, ეს ხომ ღირსების აყრაა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.