ირაკლი კობახიძე: დმანისთან დაკავშირებით მინდა გითხრათ – ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც ჰქონდა თავისი პრობლემები, ასეთი მეთოდებით გამოიწვიეს

დმანისში მომხდარ ინციდენტს უკვე მოჰყვა რეაგირება, თქვენ იდარდეთ დღევანდელ მომხდარ პროვოკაციაზე, რომელიც თქვენმა პარტიულმა ლიდერმა განახორციელა, საუბარია ნიკა მელიაზე, – ასე მიმართა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ჟურნალისტს დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

ირაკლი კობახიძემ პარტიის მხარდამჭერებს მოუწოდა, მაქსიმალურად რეაგირების გარეშე დატოვონ ნებისმიერი პროვოკაცია.

„დმანისთან დაკავშირებით მინდა გითხრათ – ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც ჰქონდა თავისი პრობლემები, ასეთი მეთოდებით გამოიწვიეს. რა თქმა უნდა, გამართლება არცერთ შემთხვევაში არ აქვს იმას, რაც დმანისში მოხდა, მაგრამ როდესაც ასეთ ბინძურ პროვოკაციებს აწყობ და მერე კიდევ კითხვებს სვამ ამასთან დაკავშირებით, ეს არის სიბინძურის გაგრძელება. ყველას მოვუწოდებ – კეთილი ინებონ და პროვოკაციებისგან თავი შეიკავონ და ასევე მოვუწოდებ ჩვენს მხარდამჭერებს – მაქსიმალურად რეაქციის გარეშე დატოვონ ასეთი პროვოკაციები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნიკა მელია ირაკლი კობახიძეს ევროკავშირის წარმომადგენლობასთან მიეჭრა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში მომხდარი დაპირისპირების შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაჭრილები შემდგომი გამოკვლევებისთვის თბილისში გადაიყვანეს. შსს-მ დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა და ერთი ადამიანი დააკავა.

კომენტარები
იტვირთება...