ირაკლი კობახიძე: ჩვენ საქმე გვაქვს ბოლშევიკებთან – ისინი ყოველდღიურ რეჟიმში უტევენ სახელმწიფოს და ეკლესიას

“როდესაც შენი მთავარი ოპონენტები არიან ბოლშევიკები და მისი ბოლშევიკი სატელიტები, ამ შემთხვევაში რიტორიკაც უნდა იყოს შესაბამისი და საზოგადოების პასუხიც ბოლშევიზმის წინააღმდეგ უნდა იყოს ადეკვატური. დარწმუნებული ვარ, ამ პასუხს ჩვენ ვიხილავთ ერთად 2 ოქტომბერს“.

ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადაცემაში “დღის თემა” განაცხადა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია არა 2 ოქტომბრისთვის, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის ემზადება.

„ჩვენ წინა არჩევნებამდე ვამბობდით, რომ ოპოზიცია ემზადებოდა არა 31 ოქტომბრისთვის, არამედ პრველი ნოემბრისთვის და ეს ყველაფერი დადასტურდა იმ მოვლენებით, რომლებიც შემდეგ განვითარდა. ექვსთვიანი საბოტაჟი ვიხილეთ ჩვენ ამის შემდეგ. ჩვენ როცა ვამბობდით, რომ შაშკინი და მისი რაზმი არეულობისთვის ემზადებოდნენ, შემდეგ ვიხილეთ, პისტოლეტ გარჭობილი შაშკინი თავისი თანამზრახველებით არჩევნების დღეს როგორ დადიოდა კონკრეტულ რეგიონებში და ა.შ. რასაც ჩვენ ვამბობდით, ეს ყოველთვის მართლდებოდა ხოლმე, რატომ? იმიტომ, რომ ჩვენი განცხადებები ყოველთვის კონკრეტულ ინფორმაციას ეფუძნებოდა. ამ შემთხვევაშიც, როცა ვსაუბრობთ იმაზე, რომ რადიკალური ოპოზიცია ემზადება არა 2 ოქტომბრისთვს, არამედ 3 ოქტომბრისთვის, ესეც კონკრეტულ ინფორმაციას ეფუძნება. რაც შეეხება რიტორიკას, ჩვენ საქმე გვაქვს ბოლშევიკებთან. ისინი ყოველდღიურ რეჟიმში უტევენ სახელმწიფოს და ეკლესიას. სრული გარყვნილებაა, რასაც ვხედავთ ჩვენ მათი შესრულებით, მათი კუთვნილი ტელევიზიების შესრულებით. როდესაც შენი მთავარი ოპონენტი არის ბოლშევიკი, მას სჭირდება ზუსტად ისეთივე რიტორიკა, როგორც სჭირდებოდათ ბოლშევიკებს გასული საუკუნის 20-იან წლებში. ჩვენ 100 წლის წინანდელ წარსულში დაგვაბრუნეს, უბრალოდ 1921 წელს უროებით ებრძოდნენ ეკლესიას, დღეს უკვე სიტყვით ებრძვიან ისინი ეკლესიას. იგივე ხდება სახელმწიფოსთან მიმართებით. როდესაც შენი მთავარი ოპონენტები არიან ბოლშევიკები და მისი ბოლშევიკი სატელიტები, ამ შემთხვევაში რიტორიკაც უნდა იყოს შესაბამისი და საზოგადოების პასუხიც ბოლშევიზმის წინააღმდეგ უნდა იყოს ადეკვატური. დარწმუნებული ვარ, ამ პასუხს ჩვენ ვიხილავთ ერთად 2 ოქტომბერს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები
იტვირთება...