ირაკლი კობახიძე: არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ოპოზიციამ უკვე გამოაცხადა კაპიტულაცია

პარტია ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, ოპოზიციის წამოსული მესიჯები საპარლამენტო არჩევნების გადადების შესაძლებლობასთან დაკავშირებით, არის მათი სასოწარკვეთილების ერთერთი გამოვლინება და ნიშნავს კაპიტულაციას მისივე მხრიდან.

“ეს მესიჯები არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, ნიშნავს სრულ კაპიტულაციას ოპოზიციის მხრიდან. ისინი ხედავენ, რეალურად არავითარი შანსები არა აქვთ, რომ წარმატებას მიაღწიონ არჩევნებში, შესაბამისად, ორი კვირით ადრე მათ უკვე გამოაცხადეს პრაქტიკული საარჩევნო კაპიტულაცია. ეს სხვა არაფერი არ არის. რაც შეეხება არჩევნების გადადებას, ამის საფუძველი არ არსებობს. როცა იყო კოვიდის პირველი ფაზა და პირველი ტალღა, იმ შემთხვევაში არაერთ ქვეყანაში ასეთი ზომა იქნა მიღებული, თუმცა, მეორე ტალღის პირობებში არჩევნების გადადებაზე საუბარი არის მხოლოდ და მხოლოდ კაპიტულაციის გამოვლინება. გახსოვთ თქვენ, მაგალითად, აშშ-ში პრეზიდენტმა ტრამპა გააკეთა მინიშნება არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით, ყველა ამის საწინააღმდეგოდ გამოვიდა და დაუპირისპირდა ამის შესაძლებლობასაც კი. როდესაც ვსაუბრობთ სასოწარკვეთილ მდგომარეობაში გადავარდნილ პოლიტიკურ სუბიექტებზე, ეს არის მორიგი გამოვლინება. გუშინ, ჯერ სცადეს რომ ხელოვნურად ხელი შეეწყოთ ვირუსის გავრცელებისთვის, რაც არის წარმოუდგენელი მავნებლობა, თან რაიონებიდან ვირუსის გატანის მცდელობა იყო. ე.წ. მარშუტკებით ჩამოყავდათ ხალხი ბათუმში, სადაც არის კონცენტრაცია ვირუსის და მერე აბრუნებდნენ სხვა რაიონებში. მეორე გამოხატულება ამ სასოწარკვეთილების არის ეს კაპიტულაცია, რასაც ნიშნავს განცხადებები არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად