ირაკლი კობახიძე: რეალური საფუძველი გორის ჰოსპიტალში გადასვლაზე უარის თქმისთვის არ არსებობს, ველოდებით, რაციონალურ პასუხს შეთავაზებაზე

არავითარი რეალური საფუძველი გორის ჰოსპიტალში გადასვლაზე უარის თქმისთვის არ არსებობს, შესაბამისად, ველოდებით, რაციონალურ პასუხს შეთავაზებაზე, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სამედიცინო თვალსაზრისით გორის ჰოსპიტალი სრულად აღჭურვილია.

„გორის ჰოსპიტალში უსაფრთხოების სტანდარტები ბევრად უფრო მაღალი, თუ ვინმეს პატიმრის უსაფრთხოებაზე უნდა ზრუნვა, ამის საუკეთესო საშუალებას გორის ჰოსპიტალი იძლევა. შესაბამისად, არავითარი რეალური საფუძველი გორის ჰოსპიტალში გადასვლაზე უარის თქმისთვის არ არსებობს, შესაბამისად, ველოდებით, რაციონალურ პასუხს ამ შეთავაზებაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გააკეთა შეთავაზება, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იყოს გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში. მისი თქმით, მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნება რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში. ამასთან, აღნიშნა, რომ ოპონენტების მხრიდან ნებისმიერი სახის პროვოკაციის შემთხვევაში, რამაც შეიძლება, ხელი შეუშალოს პატიმრის გადაყვანას და შემდგომ სამედიცინო პერსონალის მუშაობას, პატიმარი გადაყვანილი იქნება მე-18 დაწესებულებაში და ნებისმიერი კანონდამრღვევი უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე.

კომენტარები
იტვირთება...