ირაკლი კაკულიას ადვოკატი: ”შავი პიარი” ააგორეს, რაც კონკრეტული პირების ინტერესებს ემსახურება

ის “შავი პიარი”, რაც ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის წინააღმდეგ აგორდა, კონკრეტული პირების ინტერესებს ემსახურება,-ამის შესახებ ჟურნალისტებთან დაკავებული ირაკლი კაკულიას ადვოკატმა, ედიშერ ქარჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, კაკულიას ამ ფორმით დაკავება არის შეცდომა და ის კანონის უზენაესობას ეწინააღმდეგება.

„ამ მომენტისათვის ველოდებით გამომძიებელს, რომ გავეცნოთ ბრალის დადგენილებას, გავიგოთ, თუ რას ედავება ამ შემთხვევაში სახელმწიფო ირაკლი კაკულიას.

მიმაჩნია, რომ ზოგადად, მისი დაკავება, თუნდაც ამ ფორმით და ამ ეტაპზე, ეს არის შეცდომა, ვინაიდან ვფიქრობ და მიმაჩნია, რომ კანონის უზენაესობის აღსრულებას არ ემსხურებოდა მისი ამ ფორმით დაკავება. ამიტომ ვნახოთ, გადმოგვცემენ მასალებს და დარწმუნებული ვარ, ის ზოგადად გაჟღერებული ბრალდებები და ბრალდების ფორმულირებები არ დადასტურდება მასთან მიმართებით.

თვითონ, რა თქმა უნდა, თავს გრძნობს კარგად. როგორც მან განმიმარტა, ის მომართულია იმისთვის, რომ თავისი პოზიცია დაასაბუთოს. მიაჩნია, რომ გარკვეული ქმედებები მის მიმართ რაც განხორციელდა, ის “შავი პიარი”, რაც აგორდა, რა თქმა უნდა, ემსახურებოდა გარკვეული პირების ინტერესებს, ამიტომ კონკტეტულად ვის ინტერესებს ემსახურებოდა და ვინ იქნა ამ კუთხით შეცდომაში შეყვანილი და რამდენად დასაბუთებულია მის მიმართ წარდგენილი ბრალდება, ამას დრო გვაჩვენებს, გადმოცემული მასალები გვაჩვენებს და სათანადო პასუხსაც გავცემთ“,- განაცხადა ირაკლი კაკულიას ადვოკატმა ედიშერ ქარჩავამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ ფოთის შტაბის უფროსი და ყოფილი მერი ირაკლი კაკულია, ორ მოქმედ და ერთ ყოფილ მაღალჩინოსანთან ერთად დააკავეს. მათ ბრალად ედებათ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი გულგრილობა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად