ირაკლი კაკაბაძე: ადამიანების ჩაგვრის სისტემამ მწერლები ბანკირების პროსტიტუტებად აქცია

ირაკლი კაკაბაძე ლიტერატურულ პრემია „საბა“-სთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს.

კაკაბაძე „ფეისბუქის“ გვერდზე ამის მიზეზს განმარტავს და ამბობს, რომ „საბა“ ბანკირების ფულით იმართება, რომლებმაც საქართველოს მოსახლეობა უსახლკაროდ დატოვეს. 

„დღეს, ქრისტესშობის დღეს – მე მინდა ვთქვა რომ უარს ვაცხადებ 'საბას' ორგანიზაციასთან თანამშრომლობაზე. ეს ჩემთვის არ არის სასიამოვნო გადაწყვეტილება, რადგან ბევრ ამ პრემიის თანამშრომელს კარგად ვიცნობ – მაგრამ მე როგორც მწერალს არ შემიძლია ილია ჭავჭავაძის ქვეყანაში ვიცხოვრო და ვითანამშრომლო ასეთ ორგანიზაციასთან, რომელიც საბჭოთა მწერალთა კავშირისგან ცოტათი თუ განსხვავდება და ეს ცოტა შეიძლება სულაც უარესი იყოს. 
ამაში მე არც ერთ ადამიანს არ ვადანაშაულებ – აქვე მინდა ვთქვა. მე ვთვლი რომ ჩვენში გაბატონებული საშინელი ადამიანების ჩაგვრის სისტემა – ნეოლიბერალური კაპიტალიზმი არის ამის მთავარი დამნაშავე. მან აქცია ნიჭიერი მწერლები და პოეტები ბანკირების და მძარცველების პროსტიტუტებად. ამ სისტემამ გააკეთა ის, რომ 300 ათასი საქართველოს მოქალაქე უსახლკაროდ დატოვა – და ეს ახლა უკვე უტყუარი ფაქტია და კიდევ ერთ მაგდენს გამოსახლება ელოდება უახლოეს ხანებში. ამ უბედურებისგან ხეირობენ კერძო იპოთეკარები, და კერძო ბანკები. კერძოდ, ორი ბანკი მოიხსენიება ამ სქემებში, როდესაც ადამიანების უსახლკაროდ დატოვების საქმეებზე ვსაუბრობთ: 'საქართველოს ბანკი' და 'თიბისი ბანკი'. ხშირ შემთხვევაში გამოსახლებულები პოლიციური ძალადობის მსხვერპლები არიან. ისინი თავის დროზე დაიჭირეს – მერე კი საპროცესო გაიგების სანაცვლოდ საკუთარი ბინები ჩაადებინეს იპოთეკაში. რაღა თქმა უნდა, განთავისუფლების შემდეგ მათ ეს თანხები ვეღარ გადაიხადეს. დღეს, ეს გამოსახლების პროცესები ისევ გრძელდება. მართალია პარლამენტმა და პრეზიდენტმა კარგი კანონი მიიღეს სასამართლოს გარეშე ადამიანების გამოსახლების აკრძალვის შესახებ – პირდაპირ შეიძლება ითქვას რომ თუ ადამიანების გამოსახლება არ აიკრძალა საერთოდ – მაშინ საქართველოს მოსახლეობისგან ცოტა ხანში არაფერი დარჩება. ახლა უკვე ეს გამოსახლებული მოქალაქეები ქუჩებში იყინებიან და მიუაფარნი კვდებიან. ჩვენ ერთი მოხუცი შევამჩნიეთ – მაგრამ მათი რიცხვი გაცილებით დიდია. დღეს უამრავი ადამიანი იყინება სახლ-კარის გარეშე – და ჩვენ, როგორც საზოგადოებას არ შეგვიძლია ამის გულგრილად ატანა.
მე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს როგორც 'თიბისი' ბანკის მმართველებთან, მამუკა ხაზარაძესთან და ბადრი ჯაფარიძესთან – პირადად მათ არაფერს ვერჩი – პირადად ჩემთვის მათ ცუდი არაფერი გაუკეთებიათ. აგრეთვე პრემია 'საბას' და გამომცემლობა 'საბას' მესვეურებიც ჩემი მეგობრები არიან – იგივე რატი ამაღლობელი და ბასა ჯანიკაშვილი და ბვრი სხვაც. რამოდენიმე წლის წინ სწორედ რატი ამაღლობელის ინიციატივით მათ ჩემი წიგნი ელექტრონულად გამოსცეს, რისთვისაც გულწრფელი მადლობა მინდა ვუთხრა მათ. ძალიან მიხარია რომ ჩემი ელექტრო წიგნის გაყიდვიდან მე ჯერ კაპიკი არ ამიღია – თუ რამე მეკუთვნის, ვთხოვ გამომცემლობას რომ იმ ღატაკ გამოსახლებულ ადამიანებს მოახმაროს, რომლებსაც საბანკო სისტემა ყოველ დღე სახლ-კარის გარეშე ტოვებს. მე ვწყვეტ ჩემს ყველანაირ ურთიერთობას 'საბასთან' რადგან ძალიან ახლოს დავინახე ძალადობით ნაშოვნი ფული და ვფიქრობ ყველა შეგნებული მწერლის და პოეტის ვალია არ ითანამშრომლოს ასეთ სისტემასთან. 
დიახ, ეს დღეს ძალიან საშიშია – საბანკო სისტემა არა მარტო საქართველოს, არამედ მთელს მსოფლიოს მართავს. ფინანსისტები მთელს ქვეყნებს ყიდიან, ისინი იწყებენ და ამთავრებენ ომებს – ჯეი პი მორგანების, სიტიკორპების, ჩეიზ მანჰეტენების, სქოშა ბენკების და მათი კოლეგების მსოფლიოს ყველა წერტილში ეშინიათ“, – აცხადებს ირაკლი კაკაბაძე. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...