ირაკლი ჯალაღონია “თავისუფალმა საქართველომ” მთაწმინდა-კრწანისის რაიონში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა

როგორც პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ განაცხადა, დღეს ყველა საუბრობს, რომ პარლამენტს ახალი სახეები სჭირდება, თუმცა ახალ სახეებში ყველა თავისებურ აზრს დებს.

„ირაკლი ჯალაღონია ჩვენთვის მართლაც ახალი სახეა. იგი ახალგაზრდა, განათლებული ადამიანია, რომელსაც ცხოვრებისეული და პროფესიული გამოცდილება აქვს. დარწმუნებული ვარ, ირაკლი პარლამენტისთვის ის შენაძენი იქნება, რომელიც რეალურად შეძლებს საკანონმდებლო ორგანოს ახალი ენერგია და მრავალფეროვნება შესძინოს. გარდა ამისა, იგი მთაწმინდა-კრწანისის უბნის მცხოვრებია და მისი საარჩევნო პროგრამა ამ უბნისთვის დამახასიათებელი სპეციფიური პრობლემებისკენ არის მიმართული, რაც თავისებურად, კულტურული ძეგლების რეაბილიტაციასა და გაფრთხილებას გულისხმობს“, – განაცხადა კახა კუკავამ.

მაჟორიტარი დაპუტატობის კანდიდატის ირაკლი ჯალაღონიას განცხადებით კი, „თავისუფალი საქართველო“ ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელიც ქვეყნის მომავლისათვის რეალურად იბრძვის და არცერთ პოლიტიკურ პლატფორმას არ განეკუთვნება.

„დღეს, ქართული პოლიტიკა ორპოლუსიანია და საზოგადოება ამ დაპირისპირებული ჯგუფების ორთაბრძოლას უყურებს. მიმაჩნია, რომ ასეთი მიდგომა უნდა დასრულდეს და გამოჩნეს ის ძალა, რომელიც ეროვნულ ღირებულებებს ეყრდნობა და საზოგადოებას, სწორედ ამ პოლიტიკური ძალის მნიშვნელობას რეალურად დაანახებს. ასეთი ძალა – „თავისუფალი საქართველოა”, – განაცხადა ირაკლი ჯალაღონიამ.

მანვე განმარტა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, დეპუტატის რანგში ახალგაზრდებისთვის იბრძოლებს.

„მომავალი თაობა ჩვენი ქვეყნის გენოფონდია, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა, იმ დამოუკიდებელ საქართველოში იცხოვრონ, სადაც მათი განათლება ღირსეულად დაფასდება და აქედან გამომდინარე, სამუშაო ადგილის მოძიებისთვის, მათ ქვეყნის დატოვება აღარ მოუწევთ“,-განაცხადა ირაკლი ჯალაღონიამ.

მიმდინარე თვეში „თავისუფალი საქართველო“ დეპუტატობის მაჟორიტარ კანდიდატს, ასევე დიდუბის რაიონში წარადგენს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად